EN

“არა მაჭახელა ჰესს”

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 17 თებერვლიდან 8 მარტამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მაჭახელას ხეობაში ჰესის აგება იგეგმებოდა

ლიდერები/ორგანიზატორი

მოძრაობა “სიტყვის კაცები”

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს მაჭახელას ხეობაში ჰესი

პროტესტის ადრესატი

აჭარის ხელისუფლება

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

კომპანია შპს მაჭახელა ჰესი/”სილქ როუდ ენერჯი”

პროტესტის შედეგი

“არა მაჭახელა ჰესს! STOP”

შეჩერდა ჰესის მშენებლობა

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს „მაჭახელა ჰესს“ შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი 2014 წლის 24 ივლისს გაფორმდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდინარე მაჭახელაზე ორი ჰიდროელექტროსადგურის – „მაჭახელა ჰეს 1“-ისა და „მაჭახელა ჰეს 2“-ის მშენებლობის შესახებ. ამავე დროს, კომპანიამ ვალდებულებად აიღო პირველადი პროექტისა და მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება. შპს „მაჭახელა ჰესის“  100 პროცენტიან წილს „სილქ როუდ ენერჯი“ ფლობდა. 

მაჭახელას ხეობაში მცხოვრები მოქალაქეები ამბობდნენ, რომ მდინარეზე ჰესების მშენებლობის შესახებ პირველად 2010 წელს გაიგეს, რასაც ადგილობრივთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. სოფელ ქვედა ქოქოლეთში მცხოვრები მალხაზ ქოქოლაძე ამბობს, რომ ამის შემდეგ ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა, მისივე თქმით, უცვლელი დარჩა ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის იდეა.

მაჭახელის ხეობაში მცხოვრებთა პროტესტმა შედეგი გამოიღო და პროექტი შეიცვალა, – აცხადებდა ხეობის მკვიდრი როინ მალაყმაძე, თუმცა, მიუხედავად ცვლილებებისა, ის ხეობაში ჰესის აშენების წინააღმდეგ გამოდიოდა:

„გადაწყვეტილება და პროექტის დაგეგმვა არ იყო შეთანხმებული ადგილობრივ მოსახლეობასთან. და ეს იყო ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილება… ამიტომ მოსახლეობას ბევრი კითხვა გააჩნდა და ეს კითხვები ამ ეტაპზეც აქვთ”.

გეოლოგები ხეობაში 2019 წლის იანვარში გამოჩნდნენ, რასაც მოსახლეობის პროტესტის ახალი ტალღა მოჰყვა. მათ დაზუსტებით არავინ ეუბნებოდა, რას სწავლობდნენ და რატომ ჩავიდნენ გეოლოგები მაჭახელას ხეობაში. ადგილობრივებმა თავად დაიწყეს გამოკვლევა და ასე გაიგეს გეოლოგებისგან, რომ ხეობაში შვიდ კილომეტრიანი გვირაბის მშენებლობა იგეგმებოდა. 

ბოლო წლებში მაჭახელაში ეკოტურიზმი განვითარდა. ხეობის ათმა სოფელმა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიიღო. მაჭახელას 9 ათას ჰექტარზე ეროვნული პარკი შეიქმნა. გაეროს განვითარების ფონდის მხარდაჭერით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც მაჭახელას ხეობის დაცულ ლანდშაფტად გამოცხადებას გულისხმობს. ადგილობრივებმა ტურიზმით სარგებელი ნახეს და ახლა ეკოსოფლის იდეის განხორციელება სურთ. მათი ნაწილი ფიქრობდა, რომ ჰესის მშენებლობა ხეობაში ეკოტურიზმის განვითარებას ხელს შეუშლიდა.

ჰესის მშენებლობა მინიმალურ ზეგავლენას იქონიებს გარემოზე, ირწმუნებოდნენ მშენებელ კომპანიაში, „სილქ როუდ ენერჯიში“ და დასძენდნენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობა შეცდომაში იყო შეყვანილი. კომპანია „სილქ როუდ ენერჯის“ დირექტორი ვახტანგ ღონღაძე განმარტავდა, რომ საქართველოს მთავრობასთან თავდაპირველი მემორანდუმით გათვალისწინებული ორი ჰიდროელექტროსადგურის ნაცვლად აშენდებოდა ერთი, 30 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესი, რომელიც არც კაშხლის მოწყობას და არც მდინარის დაგუბებას არ გულისხმობდა. ნაცვლად ამისა, 15 მ სიმაღლის სათავო ნაგებობა მოეწყობოდა, ჰესისთვის საჭირო წყალი კი გვირაბში მოექცეოდა, რომელიც მიწის ზედაპირიდან მინიმუმ 250 მეტრ სიღრმეში განთავსდებოდა.

ეკოლოგიური საფრთხეების შიშით, მაჭახელას ხეობის მოსახლეობის ნაწილმა სახალხო მოძრაობა „არა ჰესებს“ წამოიწყო. მათ სამკლავურები გაიკეთეს, წარწერით „სიტყვის კაცები“. ამით მაჭახელას ხეობის ექვსი სოფლის მკვიდრთ დაიფიცეს, რომ არ მიჰყიდიან მიწას ჰესის მშენებელ კომპანიას. მაჭახელელები სოფელ ზედა ჩხუტუნეთში შეიკრიბნენ და ფიცი ხელმოწერით დაადასტურეს.

ხეობის სოფლების პოზიცია გონიოს მაცხოვრებლებმაც გაიზიარა. მათ 17 თებერვალს საპროტესტო აქცია გამართეს გონიოში და შეუერთდნენ სახალხო მოძრაობას “სიტყვის კაცები” – მათაც დაიფიცეს, რომ მიწებს არ მიჰყიდდნენ ჰესის მშენებელ კომპანიას. 

ამ დროისთვის კომპანიას გარემოს შესწავლა შეჩერებული ჰქონდა, რადგან ხეობაში ადგილობრივმა მოსახლეობამ კომპანიის თანამშრომლებს მუშაობის საშუალება არ მისცა.

20 თებერვალს, მორიგ აქციაზე ადგილობრივებმა მაჭახელას თოფის მონუმენტთან ასფალტი წითლად შეღებეს და STOP დააწერეს, როგორც სიგნალი იმისა, რომ ისინი ჰესის აშენებას არ დაუშვებდნენ.

სიტყვის კაცებმა 5 აპრილს ბათუმშიც გამართეს აქცია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სახელზე მიმართვა მოამზადეს, და ხელმოწერებიც შეაგროვეს. მიმართვას 8000-ზე მეტი მოქალაქე შეუერთდა. სიტყვის კაცებმა  თქვეს, რომ მიმართვას ხელი არა მხოლოდ ხელვაჩაურში, არამედ მთელ აჭარაში მოაწერეს. მას თან ერთოდა საზღვარგარეთ მცხოვრები მაჭახლელების ელექტრონული ხელმოწერებიც.8 აპრილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ შესაძლო იყო, მაჭახელას ხეობაში ჰიდროელექტროსადგური აღარ აშენებულიყო და ინვესტორთან იმუშავებდნენ ალტერნატიულ გადაწყვეტილებაზე.  რიჟვაძემ თქვა, რომ მოსახლეობის ინტერესები  გათვალისწინებული უნდა იყოს.