1999 წლის ივლისში დუშელების საპროტესტო აქცია გაიმართა. დუშეთში შეკრებილები აპროტესტებდნენ ხე-ტყისა და ინერტული მასალების რაიონიდან უნებართვოდ გატანას. ავტოინსპექციამ ჭოპორტთან დააკავა მისაბმელიანი ავტომანქანა, რომლითაც სამასამდე წიფლის მორი გადაჰქონდათ. შემოწმებისას გაირკვა, რომ საგადასახადო ინსპექციაში 50 კუბური მეტრის ღირებულება გადახდილი ჰქონდათ, მაგრამ ხე-ტყის გამტანს, ყალბი ნებართვა აღმოაჩნდა.
დუშეთის საკრებულოს წევრმა გიორგი წიკლაურმა გაზეთ “დრონს” უთხრა, რომ “შეიქმნა უმძიმესი მდგომარეობა, ეკოლოგიურად იწამლება ტბა, მდინარეები, უმოწყალოდ ნადგურდება თევზი, ნადირ-ფრინველი”. დუშელები ინვესტიციების მოზიდვისა და ბიზნესის გააქტიურების მომხრენი იყვნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები. ისინი მოითხოვდნენ, რომ ბაზალეთის ტბის მოვლა-პატრონობის საკითხები საკრებულოების გვერდის ავლით კი არა, დემოკრატიული გზით გადაწყვეტილიყო.
მოსახლეობას აღელვებდა მიწის პრივატიზების საკითხიც. ისინი ამბობდნენ, რომ თითოეულ კომლს 100-300 ლარი გადაახდევინეს, რაც არც ერთ რაიონში არ მომხდარა. ისიც თქვეს, რომ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები უკანონოდ გაიცემა.
დუშელების საპროტესტო აქცია რეზოლუციის მიღებითა და პრეზიდენტისადმი მიმართვის წაკითხვით დასრულდა.