EN

დიღმის ტყე-პარკისთვის

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 13 ივლისიდან 7 სექტემბრამდე

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

დიღმის ტყე-პარკში მულტიფუნქციური კომპლექსის აშენება იგეგმებოდა

ლიდერები/ორგანიზატორი

“ახალგაზრდა მწვანეები” და მოძრაობა “ვინ’მე”

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს “ორანჟერეა”

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერი და საკრებულო

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“დავიცვათ დიღმის ტყე”

პროტესტის შედეგი

მშენებლობა შეჩერდა, დიღმის ტყე-პარკი თბილისის მერიას გადაეცა.

2019 წლის 14 ივლისს დიღმის ტყე-პარკში გაიმართა აქცია „დიღმის ტყე-პარკისთვის“. სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და რიგითი მოქალაქეები ტყე-პარკში შეიკრიბნენ იქ დაგეგმილი მშენებლობის გასაპროტესტებლად. 2019 წლის 15 მარტს საკრებულომ, ახალი გენერალური გეგმის მიხედვით, დიღმის ტყე-პარკში 13 000 კვ/მ ტერიტორიას მიანიჭა საზოგადოებრივ-საქმიანი ზონის სტატუსი და მშენებლობის ნებართვა გასცა კომპანია „ანაგზე“. 

ამ ადგილას კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა – სახელად “ორანჟერეა“. როგორც განმარტებით ბარათში ეწერა, კომპლექსს საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრის ფუნქცია უნდა ჰქონოდა. “ანაგს” ამ ტერიტორიაზე უკვე ჰქონდა აშენებული მანქანების ცენტრი “კია მოტორსი”. “ორანჟერეა” მის ნაცვლად აშენდებოდა. 

როგორც აქციის ორგანიზატორები,  “ახალგაზრდა მწვანეები” და მოძრაობა “ვინ’მე”, ამბობდნენ, დაგეგმილი მშენებლობა ტყე-პარკს, რეალურად, რესტორნად და სავაჭრო ცენტრად გადააქცევდა. პროექტით საფრთხე ექმნებოდა საჯარო სივრცესა და ეკოსისტემას.

აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ: არ აშენებულიყო ახალი შენობა, დიღმის ტყე-პარკის სრულ ტერიტორიას დაბუნებოდა სტატუსი და მთელი ფართობი განსაზღვრულიყო ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონად. ისინი ასევე ითხოვნდნე, რომ დიღმის ტყე-პარკის სრული ტერიტორია თვითმმართველ ერთეულს, თბილისს დაბუნებოდა, რათა ახალი მშენებლობის დაწყების საფრთხე აღარ ყოფილიყო. 

აქციის წინა დღეს მწვანე აქტივისტები კარვებით მივიდნენ სადავო ტერიტორიაზე და  14 ივლისის ღამე დიღმის ტყე-პარკში გაათენეს. “დავიცვათ დიღმის ტყე” – ეწერათ ბანერზე. 

7 სექტემბერს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე “ახალგაზრდა მწვანეებმა” კარვები კიდევ ერთხელ გაშალეს.  პროტესტის ორგანიზებას შეუერთდა პარკის დასაცავად ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი ჯგუფიც, სახელწოდებით “დავიცვათ დიღმის ტყე”, რომელიც ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებდა ინფორმაციას. მათი თქმით, პარკის ტერიტორიაზე შეყვანილი იყო სპეციალური სამშენებლო ტექნიკა და უახლოეს პერიოდში სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმებოდა. აქტივისტებმა მშენებლობის პროექტის ბანერები გამოფინეს. სამშენებლო ტექნიკაზე კი აქციის ორგანიზატორმა გიორგი ფცქიალაძემ ხის ნერგი განათავსა, როგორც სიმბოლო იმისა, რომ “აქ არის ხის ადგილი, და არა – ბურღის”. 

2019 წლის 16 სექტემბერს სასამართლომ გაითვალისწინა მოსარჩელის შუამდგომლობა და შეაჩერა მშენებლობის ნებართვის მოქმედება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ამგვარად, სასამართლომ თავიდან აირიდა დიღმის ტყე-პარკისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენება. მოსარჩელის ინტერესებს “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” იცავდა. მისი ანგარიშის მიხედვით, 2024 წლისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება კვლავ არ ჰქონდა მიღებული, თუმცა მშენებლობა ისევ შეჩერებული იყო. 

2024 წლის აგვისტოში დიღმის ტყე-პარკი მთავრობის განკარგულებით, თბილისის მერიას გადაეცა. ეს ტერიტორია ამ დრომდე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო.