EN

დევნილთა საპროტესტო აქცია

left arrow

1995

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

1995 წლის 28 ივნისი -21 ივლისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

პოლიტიკა

პროტესტის მიზეზი

აფხაზეთის კონფლიქტის მოუგვარებელი იყო.

პროტესტის ფორმები

აქცია

მთავარი მოთხოვნა

აღდგეს საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთზე და დაიწყოს ლტოლვილთა უპირობო დაბრუნება.
შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება სეპარატისტულ რეჟიმთან. გასცეს სანქცია არძინბასა და გენოციდის სხვა ორგანიზატორთა დაპატიმრებისთვის, განაიარაღონ უკანონო შეიარაღებული ფორმირებები, აღადგინონ კონსტიტუციური წესრიგი.

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

1995 წლის 28 ივნისის დილიდან დევნილმა მოსახლეობამ (პრესა მათ მოიხსენიებს ლტოლვილებად) პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაიწყო. მიტინგს შეუერთდა თბილისში მყოფი აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს მთელი შემადგენლობაც. მათი თქმით, “აფხაზეთის კონფლიქტის პოლიტიკური პროცესი ადგილიდან არ იძვრის. რუსეთის მხარე, რომელმაც თავის თავზე აიღო სამშვიდობო ოპერაციის ჩატარების მისია, არ ასრულებს ვალდებულებას. შემოიფარგლებიან მხოლოდ სასაზღვრო ჯარის ფუნქციით” და იცავენ იმ დროს აფხაზეთის დე ფაქტო მმართველ ვლადისლავ არძინბას რეჟიმს. არ დაწყებულა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების დაშლისა და განიარაღების პროცესი. სეპარატისტთა შეიარაღებული ბანდები დათარეშობენ ე.წ. უშიშროების ზონაშიც და “აგრძელებენ ქართველი მოსახლეობის გენოციდს”. 

აქციის მონაწილენი ითხოვდნენ, საქართველოს ხელისუფლებამ ესენგე-ს (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა (დსთ) ქვეყნების მეთაურებთან და რუსეთის ხელისუფლებასთან შეთანხმებით დაუყოვნებლივ აღადგინოს საქართველოს იურისდიქცია აფხაზეთზე და დაიწყოს ლტოლვილთა (იმ დროს დევნილებსა და ლტოლვილებს სინონიმებად იყენებენ) უპირობო დაბრუნება. 

დევნილები ამბობდნენ, რომ აქციას დაასრულებდნენ იმ შემთხვევაში თუ გადაიდგმებოდა შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეწყდებოდა ყოველგვარი მოლაპარაკება სეპარატისტულ რეჟიმთან, ხელისუფლებამ გააკეთოს საგანგებო განცხადება. 
  2. გენერალური პროკურორი გასცემდა სანქციას არძინბასა და გენოციდის სხვა ორგანიზატორთა დაპატიმრებისთვის.
  3. რუსეთის სამშვიდობო ნაწილები და საქართველოს შინაგანი ჯარი შექმნიდნენ უსაფრთხოების გარანტიებს – განაიარაღებდნენ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს და აღადგენდნენ კონსტიტუციურ წესრიგს. 

დევნილთა საპროტესტო აქციის საკოორდინაციო შტაბი აცხადებდა, რომ თუ ეს მოთხოვნები არ შესრულდება, საკითხს დაუსვამდნენ რუსეთის ფედერაციას და მოსთხოვდნენ ქვეყნის მთელი ტერიტორიიდან ჯარების გაყვანას. 

მაშინდელ პრესაში ჩანს, რომ დევნილთა აქციამ თბილისში პერმანენტული სახე მიიღო. გაზეთი “კვირის პალიტრა” 1995 წლის 25 ივლისის გამოცემაში გაზეთ “ივერია ექსპრესზე” დაყრდნობით წერს, რომ ენგურის ხიდიდან აქციების თბილისში გადმოტანით მონაწილეებს იმედი ჰქონდათ, მეტ ყურადღებას მიიპყრობდნენ. აქციის მე-13 დღეს მონაწილეთა ხუთწევრიან წარმომადგენლობას სახელმწიფო მეთაური, ედუარდ შევარდნაძე შეხვდა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაზეთის კორესპონდენტს ეუბნება, რომ ომის დაწყებამდე და მერეც ესწრებოდა პარლამენტის იმ სესიებს, რომლებზეც აფხაზეთის საკითხი ირჩეოდა, თუმცა ვერც ერთხელ ვერ მიიღეს საჭირო გადაწყვეტილება კვორუმის უქონლობის გამო.  აქციის მონაწილეები პარლამენტის საგანგებო სესიის მოწვევას და რეალური გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ. 

Media

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

გაზეთი "კვირის პალიტრა", 4-11 ივლისი 1995 წელი