1997 წლის 2 მარტს საპარლამენტო ფრაქცია “აფხაზეთის” წარმომადგენელმა დეპუტატებმა შიმშილობა გამოაცხადეს და აფხაზეთიდან რუსული ჯარის გაყვანა მოითხოვეს. 12 დეპუტატი (მათ შორის ბორის კაკუბავა, გერმანე ფაცაცია “იმელის” შენობაში შიმშილობდნენ. 3 მარტს მოშიმშილეები მოინახულა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ, რომელმაც მათ განუცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას დრო სჭირდება და რუსეთის ჯარების გაყვანით დავა არ მოგვარდება. “ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ამ გზით ვივლით”, – თქვა მან.
კავკასიის განსაკუთრებული სასაზღვრო ოლქის სარდალმა ვლადიმირ როზაევმა განაცხადა, რომ “რუსი მესაზღვრეები აფხაზეთიდან არ გავლენ”. მოშიმშილეებს პერმანენტულად სტუმრობდნენ სხვადასხვა თანამდებობის პირები და კულტურის წარმომადგენლები. მოშიმშილეთა სახელით პარლამენტის წევრი თორნიკე ფიფია ხვდებოდა როგორც პრეზიდენტს, ისე საგარეო საქმეთა მინისტრსა და დეპუტატებს.
მოშიმშილეებმა მოამზადეს დადგენილება, რომლის მიხედვითაც, როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთში კონფლიქტის მოგვარების პროცესი დსთ-ს ეგიდით მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების მეშვეობით საბოლოოდ ჩაშლილად უნდა მიჩნეულიყო და, შესაბამისად, როგორც სამშვიდობო ძალებს, ასევე, აფხაზეთში განთავსებულ სხვა სამხედრო შენაერთებსაც უპირობოდ უნდა დაეტოვებინათ კონფლიქტის ტერიტორია. ამ დადგენილების მიღებას პარლამენტარი ზურაბ ჟვანია დაჰპირდა და მოშიმშილეებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა. თუმცა მათ უარი განაცხადეს, რადგან აქამდეც ბევრი დადგენილება ყოფილა მიღებული, თუმცა უშედეგოდ.
შიმშილობის მე-15 დღეს, 16 მარტს, იმელის შენობასა და ფოსტა-ტელეგრაფის შენობასთან ხალხი შეგროვდა, რომლებმაც სასტუმრო “ივერიასთან” (დღევანდელი სასტუმრო “რედისონი”) გადაინაცვლეს. დაახლოებით 4000-მდე ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე. ბორის კაკუბავამ მოშიმშილეთა სახელით მიმართა შეკრებილებს და დაჰპირდა, რომ მეორე დღეს 2 საათისთვის მოშიმშილე დეპუტატები მათ დადგენილების პროექტს გააცნობდნენ. კაკუბავამ მომიტინგეები დაარწმუნა, რომ აქცია შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც “აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილები იტყვიან “სახლში ვართო”.
თუმცა, პარლამენტმა დადგენილება არ განიხილა. შეიქმნა ფრაქციათაშორისი ჯგუფი, რომელმაც მოშიმშილეებთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. პარალელურად შეგროვდა 30 000 ხელმოწერა საკანონმდებლო ინიციატივით საქართველოდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ.
სასტუმრო “ივერიის” წინ 21 მარტსაც შეიკრიბა დაახლოებით 10 000 ადამიანი. მიტინგზე გერმანე ფაცაციამ შეკრებილებს უთხრა “ჩვენ შიმშილობით მიზანს მივაღწიეთ. ეს მიზანი იყო ლატენტური და რეალური მოლოდინი, რომელიც მიღწეულია. ვიცოდით, რომ წარდგენილ გადაწყვეტილების პროექტს პარლამენტი ვერ მიიღებდა. ბრძოლას ვიწყებდით მაქსიმუმით, რათა მინიმუმი მიგვეღო. ჩვენ სტრატეგიული მიზნით მივდივართ პარლამენტში საბრძოლველად, რათა მოთხოვნა 3 აპრილს საპარლამენტო დონეზე უმთავრეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში გავანივთოთ… მთავარია, მივიღოთ პოლიტიკური გადაწყვეტილება. ჩვენ არ გვაინტერესებს, რას აღასრულებს მხოლოდ საკუთარ ნებასა და კუჭზე მზრუნავი ხელისუფლება. თუ პარლამენტის გადაწყვეტილების მიუხედავად რუსების ჯარი არ გავა, მაშინ მას ჩვენ გავყრით, თავებს დავაჭრით!”
აქციის შემდეგ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღეს, თუმცა, თქვეს, რომ აქციები გაგრძელდებოდა. 2 აპრილს, მართლაც, კვლავ შეიკრიბნენ. ბორის კაკუბავამ მომიტინგეებს აცნობა, რომ მეორე დღეს პარლამენტი აპირებდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამშვიდობო და რუსეთის ყველა სხვა საჯარისო ნაწილების გაყვანის განხილვას. ამიტომ მომიტინგეებს 3 აპრილს 10 საათზე შეკრებისკენ მოუწოდა, თუმცა პარლამენტის შენობასთან ეს აქცია ვერ შედგა, რადგან მობილიზებული იყო პოლიცია და შინაგანი ჯარი. მომიტინგეები, რომელთა რაოდენობა დაგეგმილზე მცირე იყო, ისევ სასტუმრო “ივერიასთან” შეიკრიბნენ. მორიგი აქცია 9 აპრილს დააანონსეს. ამ დღეს ხალხი ფილარმონიასთან შეიკრიბა, პარლამენტისკენ გაემართნენ, მის წინ მდგარ 9 აპრილის მემორიალთან გარდაცვლილებს პატივი მიაგეს და მიტინგი ჩაატარეს. ამ შეკრებას “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” გაერთიანებაში შემავალი პარტიები ხელმძღვანელობდნენ. ბოლოს მომიტინგეებმა დედა ენის ბაღში გადაინაცვლეს.
2 ივნისის გაზეთ “კვირის პალიტრაში” ჩანს, რომ პარტია “აფხაზეთის” წევრები და დევნილები სასტუმრო “ივერიაში” ისევ აგრძელებენ პროტესტს ამჯერად მდგომარე აქციის ფორმით და ისევ მოითხოვენ დადგენილების მიღებას. “ივერიის” შენობაში ამ დროს დევნილები ცხოვრობენ, პროტესტისთვის ეს ადგილი ამიტომ არის არჩეული.