2018 წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში სრულად ბრუნდებოდა და საკანონმდებლო საქმიანობა ისევ რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობაში გაგრძელდებოდა. 2012-დან 2014 წლამდე პარლამენტი ქუთაისში ახლადაშენებულ შენობაში ფუნქციონირებდა. 2014 წელს საკომიტეტო განხილვები თბილისში იმართებოდა, ხოლო პლენარული სხდომები – ქუთაისში, 2019 წლიდან კი კვლავ მხოლოდ თბილისში განთავსდებოდა პარლამენტი.
2018 წლის 3 სექტემბერს ქუთაისში, საკანონმდებლო ორგანოსთან, გაიმართა საპროტესტო აქცია სლოგანით „დამიტოვე პარლამენტი ქუთაისში!“
შეკრებილები მიიჩნევდნენ, რომ ქუთაისში პარლამენტის ფუნქციონირება მნიშვნელოვანი იყო, როგორც ქალაქისთვის, ასევე – ქვეყნისთვის. მათივე თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნების აუცილებლობის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები არადამაჯერებელი გახლდათ და აუცილებლად მიაჩნდათ, ხელისუფლებას გადაწყვეტილება შეეცვალა.
“დატოვე პარლამენტი ქუთაისში”; “ნუ მოკლავ მომავალს” – ეჭირათ ტრანსპარანტები. ქუთაისელმა აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გვერდიც შექმნეს და მასაც “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” დაარქვეს.
ხელისუფლებამ კი შენობის დაკონსერვების სამუშაოები დაიწყო. აქტივისტებმა რამდენიმე აქცია კიდევ გამართეს. თუმცა შენობა კვლავ უფუნქციოდ დარჩა.