EN

აქციები სერგო თეთრაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2025 წლის 3-22 ოქტომბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სამართალი

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს შემდეგ კი ოჯახს შეატყობინეს რომ ის გლდანის ციხეში გარდაიცვალა.

ორგანიზატორი

“თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდული მოძრაობა

მთავარი მოთხოვნა

საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა

პროტესტის ადრესატი

საქართველოს ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“დემოკრატია კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს”
“ვეტერანი სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს”

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია, საქმე არ გამოძიებულა სანამ ხელისუფლება არ შეიცვალა.

აფხაზეთის ომის ვეტერანი და სამხედრო-საჰაერო ძალების ყოფილი მაღალჩინოსანი სერგო თეთრაძე 17 სექტემბერს სახლიდან გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს, სავარაუდოდ, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა, რომლებმაც მოგვიანებით სახლში ჩხრეკაც ჩაატარეს.  მას აღკვეთის ღონისძიებად მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პატიმრობა შეუფარდა. ცნობილია, რომ სასამართლოში გამოცხადებულ თეთრაძეს სახის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. “თუ რომელიმე ბრალდებულს სახეზე ჰქონდა რაიმე დაზიანება, რა უნდა ექნა მოსამართლეს? არაფერი”, – თქვა წლების შემდეგ მოსამართლე გოგინაშვილმა.

ერთი კვირის შემდეგ, ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ სერგო თეთრაძე გლდანის ციხეში გულის შეტევით გარდაიცვალა. ჯერ კიდევ ოქტომბრის დასაწყისში ოფიცრის მეუღლეს ექსპერტიზისგან პასუხი არ მიეღო. ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ვეტერანი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვაში თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას ადანაშაულებდნენ და თეთრაძის მკვლელობის გამოძიებაში დახმარებას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საელჩოებს სთხოვდნენ.

აქციები სერგო თეთრაძის საქმის გამოძიების მოთხოვნით რამდენჯერმე გაიმართა. 2011 წლის 3 ოქტომბერს “თავისუფალი დემოკრატების” ახალგაზრდულმა მოძრაობა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან შეიკრიბა.  “დემოკრატია კითხვებზე პასუხის გაცემას გულისხმობს”, – ასეთი ტრანსპარანტები ეჭირათ ხელში ახალგაზრდებს. 

ისინი 22 ოქტომბერს თავდაცვის სამინისტროსთანაც მივიდნენ პლაკატებით, რომლებზეც ეწერა “ვეტერანი სერგო თეთრაძე წამებით მოკლეს”. “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები ითხოვდნენ, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო და თანამდებობიდან გათავისუფლებულიყო.

ამ მცირერიცხოვან აქციებს შედეგი არ მოჰყოლია. სერგო თეთრაძის საქმეზე ხელახალი გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყო და 2018 წლის აპრილში საქალაქო სასამართლოს განაჩენით დასრულდა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2011 წელს თავდაცვის მინისტრმა ბაჩანა (ბაჩო) ახალაიამ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან, მეგის ქარდავასა და მე-8 საპყრობილის დირექტორთან, ალექსანდრე მუხაძესთან ერთად გადაწყვიტა, „წარმატებული ხელმძღვანელის სახელის მოსაპოვებლად, უდანაშაულო მოქალაქეთა წამებით მიეღო აღიარებითი ჩვენებები, თითქოსდა ჯაშუშური ჯგუფის არსებობის შესახებ“. ამ მიზნით დააკავეს თადარიგის პოლკოვნიკი, სერგო თეთრაძე, რომელმაც სასტიკად ცემის მიუხედავად არ დაიბრალა ჯაშუშობა. ამის შემდეგ ბაჩო ახალაიამ მისი წამება დაგეგმა. პროკურატურის ცნობითვე, 2011 წლის 23 სექტემბერს, სერგო თეთრაძე წამებისას ცუდად გახდა და გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა გონს მოუსვლელად. სასამართლომ ახალაიას, ქარდავას და მუხაძეს 9 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2018 წელს, როცა საქმეზე ეს ახალი განაჩენი გამოცხადდა და თეთრაძის წამებაც დადასტურდა, 2011 წელს მისი საქმის მოსამართლე გიორგი გოგინაშვილი, რომელმაც სერგო თეთრაძეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა,  მოსამართლედ უვადოდ დანიშნეს.

Media

სერგო თეთრაძე

სერგო თეთრაძე