EN

აქცია მესტიის საგანძურის დასაცავად

left arrow

2011

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2011 წლის 21 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

კულტურა

პროტესტის მიზეზი

სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქციის გამო გამოტანილ ექსპონატები გამოიტანეს და მუზეუმის ეზოში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერებში გადაიტანეს.

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

“თავისუფალი დემოკრატები” თეა წულუკიანი

მთავარი მოთხოვნა

მუზეუმის ექსპონატები დაუყოვნებლივ გადაეტანათ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში

პროტესტის ადრესატი

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

პროტესტის შედეგი

ექსპონატები მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაში განათავსეს

2011 წელს სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქცია დაიწყო, ამიტომ ექსპონატები გამოიტანეს და მუზეუმის ეზოში განთავსებულ სპეციალურ კონტეინერებში გადაიტანეს. საზოგადოების ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ კულტურის სამინისტრო და ეროვნული მუზეუმი მესტიაში დაცული საგანძურის უსაფრთხოდ დაბინავებას არ ჩქარობდნენ, რის გამოც საფრთხე ექმნებოდა IX-X საუკუნით დათარიღებულ ქართულ ხელნაწერებსა და უნიკალურ არქეოლოგიურ მასალას.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შენობის წინ პროტესტის გამოსახატად რამდენიმე ათეული ადამიანი 21 ნოემბერს პირველ საათზე შეიკრიბა და მოაწყო აქცია მესტიის საგანძურის დასაცავად. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სამინისტროს ხელმძღვანელობას მოუწოდეს, მიეღოთ საპატრიარქოს საგანგებო კომისიის შეთავაზება და მუზეუმის ექსპონატები დაუყოვნებლივ გადაეტანათ მესტიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში.

საპროტესტო აქციის მონაწილეები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ დავით ცხადაძემ მიიღო. შეხვედრის შედეგად, როგორც „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, მხარეები ოთხპუნქტიან გეგმაზე შეთანხმდნენ. ამ გეგმის მიხედვით, მესტიაში მზადდებოდა ახალი შენობა, სადაც ეროვნულ საგანძურს გადაიტანდნენ. “მინისტრის მოადგილე დაგვეთანხმა, რომ ჩვენი საზოგადოება, საპატრიარქო, ექსპერტები და კომისიის წარმომადგენლები ჩავალთ და შევაფასებთ ამ შენობის ხარისხს“, – თქვა თეა წულუკიანმა.

შეთანხმების მეორე პუნქტის მიხედვით, შენობაში დროებით განთავსების წინ ჩატარდებოდა საგანძურის ინვენტარიზაცია, რათა საზოგადოება დარწმუნებულიყო, რომ საგანძურის არც ერთი ექსპონატი არ დაკარგულა. მესამე და მეოთხე პუნქტები კი მუზეუმის ახალი შენობის პროექტის საჯარო განხილვასა და საზოგადოებისათვის ინფორმაციის რეგულარულ მიწოდებას ითვალისწინებდა.

საბოლოოდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სვანეთის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის ექსპონატები არა ეკლესიაში, არამედ მუსიკალურ და სამხატვრო სკოლის შენობაში განათავსეს.  მთავრობამ შენობის კეთილმოწყობა და ადაპტაცია (კლიმატკონტროლისა და სიგნალიზაციის მოწყობა, გისოსების დამონტაჟება და სხვ.) ადგილობრივ გამგეობას დაავალა. 

კულტურის სამინისტროში ამტკიცებდნენ, რომ საფრთხე გაზვიადებული იყო, რადგანაც საგანძურის დაცვისთვის განკუთვნილი კონტეინერი აღჭურვილი იყო კლიმატკონტროლის გამართული სისტემით და, შესაბამისად, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, ნიკოლოზ რურუას თქმით, მუზეუმის ექსპონატებს საფრთხე არ ემუქრებოდა.

Media

აქცია კულტურის სამინისტროსთან

აქცია კულტურის სამინისტროსთან

2011 წლის 21 ნოემბერი, ფოტო: რადიო თავისუფლება