2015 წლის 13 ივნისს თბილისში ძლიერი წვიმა მოვიდა და მდინარე ვერე ადიდდა. ჩამოწოლილი მეწყერი და მდინარის ნაკადს წამოყოლილი მასა კალაპოტში აღარ ეტეოდა – დაიტბორა ვერეს რამდენიმე კილომეტრიანი ხეობის მიმდებარე ტერიტორია. წვიმა 14 ივნისს დილამდე გრძელდებოდა.
სტიქიას 19 ადამიანი ემსხვერპლა (რამდენიმე ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება), თითქმის სრულად განადგურდა თბილისის ზოოპარკი, რომელიც ვერეს ხეობაში იყო. ცხოველების ნაწილი, 5 ლომი, 6 ვეფხვი, 6 დათვი, 13 მგელი და 1 ბეჰემოთი ვოლიერებს მიღმა, ქალაქში აღმოჩნდნენ. მიტოვებული საწყობის ტერიტორიაზე თავშეფარებულმა ერთ-ერთმა ვეფხვმა ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.სტიქიიდან რამდენიმე დღეში, 28 ივნისს თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა მდინარე ვერეს ხეობაში პარკის გაშენების მოთხოვნით. იმავეს ითხოვდნენ „პარტიზანი მებაღეები“ და „მწვანე მუშტი“ თავიანთი პეტიციებით. აქტივისტები აპროტესტებდნენ საქართველოს ბიზნეს-პალატისა და სამშენებლო ასოციაციების პროექტს “მანჰეტენი”, რომელზეც ვერეს ხეობაში საცხოვრებელი კორპუსების, რეკრეაციული ზონის და ბიზნეს-ტაუერის აშენებას მოიცავდა. აქციას რეაგირება არ მოჰყოლია.