EN

აქცია ვაშლიჯვარში მეწყრის გამო

left arrow

2021

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2021 წლის 28 მარტი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

ვაშლიჯვარში მეწყრული ნაპრალები გაჩნდა

ორგანიზატორი

ვაშლიჯვარში მაცხოვრებლები

მთავარი მოთხოვნა

გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, გამოიკვლიონ ლისის ქედი და არსებული რისკები, დამონტაჟდეს სამონიტორინგო სისტემა

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია

ტრანსპარანტები

“მიწა გვეცლება ფეხებში”, “არ ააშენო საშიში ზონაა”

პროტესტის შედეგი

დაამონტაჟეს სამონიტორინგო სისტემა და ჩამოიყვანეს გერმანელი ექსპერტი მეწყრის შესასწავლად.

2021 წლის 18 მარტს თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევი იყო დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობდა, რომ დაძრული იყო ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან მოყოლებული აშენებდა ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩასასვლელ ახალ გზას.

28 მარტს მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. “მიწა გვეცლება ფეხებში”, “არ ააშენო საშიში ზონაა” – ამ ტრანსპარანტებით იდგნენ აქციის მონაწილეები. ისინი მოითხოვდნენ:

  • “გამოცხადდეს მორატორიუმი ვაშლიჯვარში ყველა ტიპის მშენებლობაზე, საშიშროების გათვალისწინებით, მათ შორის, გაჩერდეს განხილვის პროცესში არსებულ სამშენებლო მოთხოვნებზე დასკვნების გაცემა.
  • დაუყოვნებლივ შეიქმნას დამოუკიდებელ ქართველ და საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი (ღიად გასაჯაროებული სიით), რომელიც სრულად გამოიკვლევს ლისის ქედს და მის რისკებს. ხოლო სამუშაო ჯგუფში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები ჩაერთვებიან და საჯარო განხილვებშიც მიიღებენ მონაწილეობას.
  • მერიამ ლისის დაზიანებულ ფერდზე დაამონტაჟოს სამონიტორინგო სისტემა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში დააკვირდება ფერდს და საჯარო წესით საზოგადოებას მუდმივად მიაწვდის ამის შესახებ ინფორმაციას.
  • არ გაიხსნას მაჭავარიანის ქუჩა, სანამ მის უსაფრთხოებას ექსპერტიზის დასკვნები არ დაადასტურებს.
  • შეისწავლონ და შემდეგ მთლიანად გაასაჯაროონ ვაშლიჯვრის უბნის გეოლოგიური ანალიზი.

აქციის მონაწილეები ყველას მოუწოდებდნენ, ხელი მოეწერათ პეტიციაზე, რომელშიც ეწერა, რომ ვაშლიჯვრის მთლიანი მოსახლეობა ენით აღუწერელ შიშში ცხოვრობს ლისის ქედზე აღმოჩენილი საგანგაშო მეწყრის გამო.

მეორე დღეს მერიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მეწყერსაშიში ფერდის გამაგრებითი სამუშაოები დაიწყო. 8 აპრილიდან კი მეწყრის შესაჩერებლად ვაშლიჯვრის მეწყრის ნაპრალების ამოვსებასა და ცემენტაციას შეუდგნენ. მეწყრულ ზონაში განათავსეს რამდენიმე სამონიტორინგო მოწყობილობა. პროცესის შესასწავლად მერიამ გერმანელი ექსპერტი პეტერ ნიუმანიც ჩამოიყვანა. 26 აგვისტოს მეწყრის გამო დაკეტილი გზა გახსნეს და მოძრაობა აღდგა.  

Media

აქცია ვაშლიჯვარში

აქცია ვაშლიჯვარში

2021 წლის 28 მარტი. ფოტო: თომა ბეგიაშვილი, რადიო თავისუფლება