2021 წლის 27 აპრილს შპს “რუსთავის აზოტის” 2000-მდე თანამშრომელი ხელფასის 50%-მდე გაზრდის მოთხოვნით აქცია გამართა. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლოს ხელფასები 5-6 წლის წინ გაეზარდათ მხოლოდ 5%-ით. გაფიცულების საშუალო ხელფასი 500 ლარი იყო.
მოგვიანებით, ქარხანაში რუსთავის მაჟორიტარი ნინო ლაცაბიძე და პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი მივიდნენ. მხარეებთან გასაუბრების შემდეგ, მაჟორიტარმა ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციისგან ხელფასების ზრდის დაპირება მიიღო, მაგრამ კონკრეტული შეთავაზების გამოცხადებამდე მენეჯმენტმა 1-კვირიანი ვადა ითხოვა. 28 აპრილს ქარხნის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა.
იმ დღეს რუსთავის აზოტის ქარხანა არ მუშაობდა, საწარმოო პროცესი შეჩერებული იყო. გაფიცვას კი კომპანიის თითქმის ყველა თანამშრომელი უერთდებოდა. აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდა.
1 მაისს ხელმძღვანელობამ გაფიცულებს ხელფასის არა 50%-ით, არამედ უფრო ნაკლებით გაზრდა და თან დიფერენცირებული მიდგომა შესთავაზა, რასაც აქციის მონაწილეთა ნაწილი დათანხმდა.