2018 წლის 2 დეკემბერი – 20 დეკემბერი
თბილისი და რეგიონი
პოლიტიკა
აქცია არჩევნებში გაიმარჯვა ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა
გაერთიანებული ოპოზიცია
ჩატარდდეს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები
ხელისუფლება
“არა სალომეს”, “Stop Russia”
შედეგი არ მოჰყოლია
2018 წლის 2 დეკემბერს პარლამენტის შენობის წინ გაერთიანებულმა ოპოზიციამ გამართა აქცია. შეკრებილებმა, მათი აზრით, დარღვევებით ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, რომლის მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილმა გრიგოლ ვაშაძე დაამარცხა. ამიტომ ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვდა.
აქციაზე შეკრებილებს ოპოზიციის ლიდერებმა მიმართეს, ხელისუფლებას კი შესთავაზეს, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც “ამ პოლიტიკური კრიზისიდან” გამოსვლაზე იმუშავებს. მათ ვადა 16 დეკემბრამდე მისცეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ინაუგურაციას ამ დღისთვის ჩანიშნავდნენ. ამის შემდეგ აქცია დაიშალა.
16 იანვარს სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ინაუგურაცია თელავში გაიმართა. ოპოზიციის ლიდერები, საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად, კახეთში ჩავიდნენ.
მთავარი დემონსტრაცია, რომელიც ინაუგურაციის ცერემონიის პარალელურად თელავში იყო დაგეგმილი, ჩაიშალა. ოპოზიციის მხარდამჭერებს, რომლებიც თბილისიდან თელავისკენ მიემართებოდნენ, პოლიციამ სოფელ ველისციხეში კორდონი დაახვედრა.
აქტივისტები პოლიციის კორდონის გარღვევას შეეცადნენ, რის გამოც პოლიციასა და ოპოზიციას შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა. პოლიციამ მომიტინგეებს თელავში ჩასასვლელი ალტერნატიული გზა შესთავაზა, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა შეთავაზებაზე უარი თქვეს და განმარტეს, რომ ეს გზაც გადაკეტილი იყო.
მომიტინგეებმა პირველი კორდონის გარღვევა მოახერხეს, თუმცა ისინი რამდენიმე ასეულ მეტრში კვლავ გააჩერეს. ამის შემდეგ, მათ გზა ფეხით განაგრძეს, თუმცა პოლიციელებმა მალევე ისევ შეაჩერეს. პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათს გაგრძელდა.
მოგვიანებით, ოპოზიციის აქტივისტებმა თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გადინაცვლეს და შეკრება გვიან ღამემდე გაგრძელდა. ზოგიერთმა აქტივისტმა კარვები გაშალა და მთელი ღამე პარლამენტის შენობის წინ დარჩა.
პარალელურად აქცია იმართებოდა ზუგდიდშიც, სადაც ოპოზიციის მხარდამჭერებმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან მიიტანეს და დაყარეს კარტოფილი და ხახვი. როგორც განმარტეს, ეს იმის ნიშნად, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩევლები ხახვით და კარტოფილით მოისყიდა. აქციის მონაწილეები სასტვენებით აპროტესტებდნენ ზურაბიშვილის არჩევნებში გამარჯვებას. ხელში ეჭირათ პლაკატები სალომე ზურაბიშვილის გადახაზული ფოტოებით და წარწერით – “არა სალომეს”; “Stop Russia”.18 დეკემბერს გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ უწყვეტ აქციებს იწყებდნენ, მაგრამ მეორე დღეს, 19 დეკემბერს, დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი წევრი, დავით კირკიტაძე. მას 16 დეკემბერს ველისციხეში პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის წარუდგინეს ბრალი. მისი სასამართლო პროცესის პარალელურად, 20 დეკემბერს, თბილისიდან გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან ოპოზიციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. იქ მათ ხელისუფლებამ დიდი რაოდენობით პოლიცია დაახვედრა. სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულება მან მხოლოდ 2019 წლის 31 მაისს დატოვა. დაანონსებული აქციები კი აღარ გამართულა.