2011 წლის 17 აგვისტოს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან მისი გათავისუფლების შესახებ თავად რობერტ სტურუამ აცნობა საზოგადოებას. ეს ამბავი მეორე დღეს თეატრის წინ გააპროტესტეს. აქციაზე დაახლოებით 100-მდე ადამიანი მივიდა – უმეტესობა ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკოსები იყვნენ, მათ შორის – ნინო ბურჯანაძე, გიორგი გაჩეჩილაძე, გია ცაგარეიშვილი, გოგა ხაინდრავა და სხვები.
22 აგვისტოს მსახიობთა დასმა და შემოქმედებითმა კოლექტივმა რობერტ სტურუას თანამდებობაზე დაბრუნება მოითხოვა. შეკრებილები რობერტ სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოხსნის გადაწყვეტილებას ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორებად აფასებდნენ. საპროტესტო აქციას მსახიობთა მხოლოდ ნაწილი დაესწრო, თუმცა, მათივე თქმით, საგანგებო განცხადებას ხელს მსახიობთა უმრავლესობა აწერდა.
მსახიობები ამბობდნენ, რომ მათთვის რობერტ სტურუა კვლავაც თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რჩებოდა. განცხადება საზოგადოებას თეატრის მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა გააცნო.
სტურუას მოხსნის მიზეზად კულტურის მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ ქსენოფობიური გამონათქვამების ტირაჟირება დაასახელა. საქმე ეხება ორი თვით ადრე სტურუას „საქინფორმისთვის“ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც მან საქართველოს პრეზიდენტის შესახებ თქვა, რომ სომეხია და, რა ვქნათ, ეს ხომ არ არის დამალულიო.
31 აგვისტოს – რუსთაველის თეატრის დასმა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გამართა რობერტ სტურუას მხარდასაჭერად. თეატრალიზებული აქციის მსვლელობისას, რომელშიც, სხვადასხვა წყაროს ცნობით, დაახლოებით 1000 ადამიანი მონაწილეობდა, რამდენიმე საათით გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
მსახიობთა პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია.