2005 წლის 28 ივნისს მარნეულის რაიონის სოფელ სადახლოში გაუჩინარდა 56 წლის სადრადინ ფალანგოვი. იგი საუდის არაბეთში მუსლიმანთა წმინდა ადგილზე, მექაში იყო ნამყოფი, ამიტომ მეტსახელად “გარა მოლას” ეძახდნენ. მისი ამბავი ერთი წლის შემდეგაც გაურკვეველი იყო, ამიტომ სადახლოს მოსახლეობამ 2006 წლის 28 ივნისს საპროტესტო აქცია მოაწყო და საქმის დროულად გამოძიება მოითხოვა, გარა მოლას ახლობლების განცხადებით, სამართალდამცველები ცხედრის მოძებნას ვერ ახერხებდნენ და საქმის გამოძიებაც ჭიანურდებოდა. კულტურის სახლიდან მოლას ოჯახის წევრებმა სადახლოს პოლიციის ეზოში გადაინაცვლეს. მოლა გარა ფალანგოვის შვილის თქმით, სამართალდამცველები მათ დაჰპირდნენ, რომ დამნაშავეები დაისჯებიან, მაგრამ შედეგი არ ჩანდა.
სოფელ სადახლოს მოსახლეობამ სადრადინ ფალანგოვის გაუჩინარების ფაქტის გამოძიების მოთხოვნით საპროტესტო აქცია რამდენჯერმე უკვე გამართა.
წლების შემდეგ, 2011 წელს გიორგი ჯანელიძემ გადაიღო დოკუმენტური ფილმი “გაუჩინარებულები”, საიდანაც ირკვევა, რომ გარა მოლას გაუჩინარებამდე სამი თვით ადრე, 2005 წლის მარტში, სადახლოში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ერთ-ერთი ორგანიზატორი სადრადინ ფალანგოვი იყო. მიტინგზე შეკრებილები აპროტესტებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების – გამგეობისა და პოლიციის განუკითხაობას.
მიტინგის შემდეგ ფალანგოვსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის კონფლიქტი წარმოიშვა. მოსახლეობაც ფალანგოვის გაუჩინარებას სწორედ ამ მიტინგს უკავშირებს. კონფლიქტი, მათივე გადმოცემით, იმავე განუკითხაობას მოჰყვა, რომელიც სათავეს ე.წ. მარნეულის მაფიიდან იღებდა, რომლის წევრებადაც იმჟამინდელ ადგილობრივ სამართალდამცველებს მიიჩნევდნენ. მოსახლეობა სადრადინ ფალანგოვის რაიმე დანაშაულთან კავშირს მისი პიროვნებიდან და წარსულიდან გამომდინარე, გამორიცხავდა. გარა მოლას ვაჟი იხსენებდა, რომ მარნეულში ჩასულ პრეზიდენტთან შეხვედრის მოსურნე ფალანგოვი სამართალდამცველებმა დააკავეს და მხოლოდ სააკაშვილის წასვლის შემდეგ გაათავისუფლეს.
ოჯახის წევრთა ვარაუდით, ფალანგოვი მოკლულია, თუმცა მისი გვამი ნაპოვნი არ არის. ფილმის მიხედვით, მის საქმეზე გამოძიება შეჩერდა, ვინაიდან ვერც დამნაშავე დაადგინეს და ვერც დაზარალებული იპოვეს.