EN

დევნილების პროტესტი გამოსახლების გამო

left arrow

2006

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2006 წლის 16-28 ივნისი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

დევნილებს საკმარისად არ მიაჩნდატ კომპენსაცია რის სანაცვლოდაც სასტუმროდან ასახლებდნენ

ორგანიზატორი

სასტუმრო მედეასა და მესხეთში მცხოვრები დევნილები

მთავარი მოთხოვნა

საკომპენსაციო თანხის ზრდა

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

პროტესტის შედეგი

პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. დევნილები იძულებით გამოასახლეს

ყაზახმა ინვესტორებმა შეისყიდეს ბათუმში სასტუმრო “მედეა” და “მესხეთი”, სადაც დევნილები ცხოვრობდნენ.  2 ათასი დევნილი ოჯახიდან სამასმა ხელშეკრულებას ხელი არ მოაწერა. ისინი საკომპენსაციო თანხების დამატებას ითხოვდნენ. მათ იძულებით ასახლებდნენ. უქმნიდნენ გაუსაძლის პირობებს – ელექტროენერგია და წყალი გამოურთეს და შენობების დემონტაჟიც დაიწყეს. საპროტესტოდ გამოსული დევნილები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, რამდენიმე ახალგაზრდა კი დააპატიმრეს.

დევნილების უკმაყოფილების მიზეზი ბოლო დროს ბათუმში ბინების ფასების კატასტროფული ზრდაც გახდა. უკმაყოფილო დევნილები აცხადებდნენ, რომ შემოთავაზებული 7 ათასი დოლარი ახალი ცხოვრების დასაწყებად იმ პერიოდში ძალიან ცოტა იყო.  ინვესტორების პოზიციაც ამ შემთხვევაში ცალსახა იყო – ისინი საკომპენსაციოდ 14 მილიონს იხდიდნენ და მეტის გადახდაზე უარი განაცხადეს.

დევნილთა უკმაყოფილების კიდევ ერთი მიზეზი საკომპენსაციო სია გახდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 1921 ოჯახი აღრიცხა სიაში. რამდენიმე ოჯახი კი სიიდან ამოვარდა. დევნილთა აზრით, ეს ხელისუფლებამ ხელოვნურად გააკეთა, რადგან ამით კორუფციის საშუალება ეძლეოდათ.

2006 წლის 16 ივნისს დევნილთა გამოსახლება დაიწყო. დევნილებმა საპროტესტო აქცია მოაწყვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი შენობის დატოვებას არ აპირებენ. ამიტომაც დემონტაჟს მოსახლეობასა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. ამის გამო დაპატიმრებულ ორ დევნილს – ბაჩუკი ბიგვავასა და დათო არზიანს, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო, სასამართლომ 4-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დემონტაჟის დაწყებამდე, დილით სასტუმრო “მესხეთიდან” და “მედეადან” პოლიციამ რამდენიმე ახალგაზრდა განყოფილებაში წაიყვანა. ზოგი მათგანი ნარკოლოგიურში შეამოწმეს. “დილით ეძინა, პოლიციამ ლოგინიდან აიყვანა და წაიყვანა. რომ ვკითხე, რა მოხდა-მეთქი, “მედეას” წინ რატომ ჯდებიან გვიანამდეო, – მომიგეს პასუხად. ბავშვი აქ გაიზარდა; ახლა, მით უმეტეს, მეგობრები ერთმანეთს ემშვიდობებიან და რა მოხდა, არაფერს აშავებდნენ”, – აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის, 16 წლის ირაკლის დედამ.

ახალგაზრდები კი ამბობდნენ, რომ პოლიცია მათ პასუხს სთხოვდა, თუ რატომ არ იღებენ მათთვის გამოყოფილ 7 ათასს დოლარს. “ტერორი დაიწყეს – ბავშვები მიჰყავთ პოლიციის განყოფილებაში, აძალებენ, რომ კომპენსაცია აიღონ. თითქოს ბავშვები წყვეტენ… ეს ზეწოლაა ბავშვებისა და მშობლების ფსიქიკაზე. ბავშვებს არანაირი დანაშაული არა აქვთ”, – განაცხადა სასტუმრო “მედეაში” მცხოვრებმა იძულებით გადაადგილებულმა ზვიად ესაკიამ.

ახალგაზრდების პოლიციაში წაყვანას პოლიციასა და მოსახლეობას შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა. “ამ დროს პოლიციამ გია ფაღავაც წაიყვანა, რადგან ბავშვებს გამოესარჩლა. პოლიციელებმა ის სცემეს და გამოუშვეს. კაცს ტვინის შერყევა აქვს, სამედიცინო დახმარებაც გვყავდა გამოძახებული”, – აღნიშნავს დევნილი მოსახლეობა.

28 ივნისს ერთ-ერთმა დევნილმა შშმ შვილიშვილთან ერთად პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც კი სცადა. სუიციდის მცდელობა პოლიციამ ძალის გამოყენებით აღკვეთა. პოლიციასთან შეხლა-შემოხლის გამო რამდენიმე დევნილი მსუბუქად დაზიანდა. ერთ-ერთი ქალბატონი დროებით დააკავეს კიდეც. საღამოს ორმოცდაათამდე დევნილი საპროტესტო მარშით ენგურის ხიდისაკენ გაემართა. ისინი აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებისათვის თავშესაფრის თხოვნას აპირებენ.

ბათუმში, სასტუმრო “მედეასა და “მესხეთიდან” დევნილთა გამოსახლების პროცესი შენობების დანგრევის ფონზე გრძელდებოდა. ზოგიერთი ოჯახი საკომპენსაციო თანხის მიღებას დათანხმდა და ინვესტორებთან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა. დევნილთა 200-მდე ოჯახი კი ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ კომპენსაციის პირობას კვლავაც აპროტესტებდა და შენობებიდან გასვლას კვლავ არ აპირებდა. დევნილების ბრძოლა საცხოვრისის მისაღებად კიდევ ბევრ წელს გაგრძელდა. 2022 წლის მონაცემებით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი 92,079 ოჯახიდან სახელმწიფომ საცხოვრებელი ფართით მხოლოდ 50,000-მდე დევნილი ოჯახი დააკმაყოფილა.

Media

დევნილთა გამოსახლება 2006 წლის 16 ივნისი

დევნილთა გამოსახლება 2006 წლის 16 ივნისი

ფოტო: ემზარ დიასამიძე, გაზეთი 24 საათი