EN

აქცია ბათუმში სოციალური პრობლემების გამო

left arrow

2021

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2021 წლის 9 – 15 თებერვალი

გავრცელების არეალი

რეგიონი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

აჭარის მოსახლეობას სხვადასხვა სოციალური პრობლემა აწუხებდა

ორგანიზატორი

მოქალაქეები

მთავარი მოთხოვნა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრა

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა არ შესრულდა

პროტესტის ადრესატი

თორნიკე რიჟვაძე

2021 წლის 9 თებერვალს, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან აქცია გამართეს. ისინი მთავრობის თავმჯდომარესთან, თორნიკე რიჟვაძესთან  ითხოვდნენ შეხვედრას. თავდაპირველად თორნიკე რიჟვაძე მზად იყო, შეხვედროდა საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მაგრამ მას შემდეგ, რაც მათ ითხოვეს, რომ ჟურნალისტებიც დასწრებოდნენ შეხვედრას, როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, თამაზ ბაკურიძე აცხადებს, შეხვედრაზე უარი უთხრეს.

15 თებერვალს კიდევ უფრო მეტი ხალხი  შეიკრიბა. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ სოციალური ჯგუფები, რომლებსაც სხვადასხვა სახის პრობლემა აწუხებდათ, გაერთიანდნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას მოთხოვნები ერთიანად წაუყენეს. აქციის მონაწილეებს შორის იყო მარინა ბერიძე, რომელიც ე. წ. ოცნების ქალაქში თვითნებურად დასახლებულთა ინტერესებს წარმოადგენდა. ამ დასახლებაში 1700-ზე მეტ ოჯახს საცხოვრებელი უკანონოდ ჰქონდა მოწყობილი. ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილებით კი, ამ ადგილას სოციალური საცხოვრისი პირველ ჯერზე მხოლოდ 600-მდე ოჯახისთვის აშენდებოდა. მარინე ბერიძე ამბობდა, რომ ყველა ოჯახი ითხოვდა საცხოვრებლით გარანტირებულ დაკმაყოფილებას და შერჩევის კრიტერიუმების დადგენას.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ თურქეთში თვითდასაქმებული საქართველოს მოქალაქეებიც, რომლებმაც სამსახური პანდემიის გამო წინა წლის მარტში დაკარგეს მას შემდეგ, რაც საქართველო-თურქეთის საზღვარი დაიკეტა. მადონა შაინიძე ამბობდა, რომ პანდემიამდე 9 წლის განმავლობაში თურქეთში, საქართველოს საზღვართან, მაღაზიაში მუშაობდა. დილით თურქეთში გადადიოდა, საღამოს კი შინ ბრუნდებოდა. როგორც შაინიძე ამბობდა, უმუშევრად დარჩენილს სამასლარიანი კომპენსაცია ერთადერთხელ ერგო. ამიტომ ამ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა ასეულობით თვითდასაქმებულის სახელით და ითხოვდა საქართველო-თურქეთის საზღვრის გახსნას.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათში მცხოვრები მოქალაქეებიც. ისინი კუთვნილი მიწების სანაცვლოდ დაპირებულ კომპენსაციას ითხოვდნენ. მიწების დათმობა კირნათელებს სოფელში ჰესის მშენებლობის გამო მოუხდათ. როგორც ამბობენ, ათასობით კვადრატულ მიწის ნაკვეთში 80-ზე მეტ ოჯახს კომპენსაციის მხოლოდ ნაწილი გადაუხადეს. კირნათელები, წელიწადზე მეტი იყო, რაც სახელმწიფო კომისიის შექმნას და საქმის შესწავლას სთხოვდნენ ადგილობრივ ხელისუფლებას. მათ ამას დაჰპირდნენ, თუმცა საქმის შემსწავლელი კომისია 2021 წლამდე არ არსებობდა. 

აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ მთავრობა ყოველ შეხვედრაზე იტყუებოდა, ამიტომ ითხოვდნენ ამ შეხვედრის პირდაპირ ეთერში გადაცემას. საპროტესტო აქცია დღის ბოლოს დაიშალა. დემონსტრანტებმა აჭარის მთავრობას 10-დღიანი ვადა მისცეს. თუ მანამდე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სხვადასხვა სოციალური მოთხოვნით გაერთიანებულ აქტივისტებს არ შეხვდებოდა, მოქალაქეები აქციის განახლებას აპირებდნენ, თუმცა მედიაში აღარ იძებნება ინფორმაცია არც შეხვედრის და არც აქციის გაგრძელების შესახებ.

Media

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან

სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლები აჭარის მთავრობასთან

ფოტო: ნეტგაზეთი