2000 წლის 9 მაისს ახალგაზრდებმა რუსეთის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია გამართეს რუსეთის მიერ ჩეჩნეთში წარმოებული ომის დასაგმობად. მათ მიიტანეს ტრანსპარანტები “ძირს რუსეთის იმპერია” და წყვილი “რუსული ჩექმა”. ჩექმები სასტვენებისა და საჩხაკუნოების ფონზე ფეხქვეშ გათელეს. “ჩვენი აქციის მიზანია, ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ ძალადობისა და აგრესიის შესახებ, რომელსაც რუსეთი ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახორციელებს… დღეს რუსები ზეიმობენ ფაშისტებზე გამარჯვებას, თავად კი ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას… ეს აქცია უნდა დაეხმაროს ჩვენს თანამემამულეებს, თავიანთი მოქალაქეობრივი ვალის გაცნობიერებაში. ომი შეიძლება ხვალ ჩვენთანაც დაიწყოს და აგრესორი მანამდე უნდა დაიგმოს”, – განაცხადა აქციის მონაწილე ნინო დანელიამ.
აქცია ჩეჩნეთის ომის წინააღმდეგ მშვიდობიანად დასრულდა. “ეს უბრალოდ ბავშვების გართობაა. წესრიგს არ არღვევენ… მოვიდნენ, ილაპარაკებენ და წავლენ. თუ არ წავლენ, ჩვენც დავუცდით”, – თქვა ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილემ ზურაბ იაკობაშვილმა. რუსეთის საელჩომ უყურადღებოდ დატოვა აქცია.