EN

აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილთა აქცია

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის თარიღი

2000 წლის 12 ივნისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

ორგანიზატორი

აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილები

მთავარი მოთხოვნა

ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათ შორის კუთვნილი ყოველთვიური დახმარების, პენსიებისა და ხელფასების მიღება.

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება

ტრანსპარანტები

“პრეზიდენტო, გეყოფა ტყუილი!” “მოვითხოვთ სიცოცხლის უფლებას!”

პროტესტის შედეგი

აქცია უშედეგოდ დასრულდა

“პრეზიდენტო, გეყოფა ტყუილი!” “მოვითხოვთ სიცოცხლის უფლებას!” – ეს ტრანსპარანტები ეჭირათ ხელში აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილებს, რომლებიც 2000 წლის 12 ივნისს სასტუმრო “ივერიის” წინ (დღევანდელი რადისონ ბლუ ივერია) შეიკრიბნენ. მაშინ ამ სასტუმროს შენობაში აფხაზეთიდან დევნილები იყვნენ შესახლებულნი. აქციის მონაწილენი ითხოვდნენ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას, მათ შორის კუთვნილი ყოველთვიური დახმარების, პენსიებისა და ხელფასების მიღებას. “მიტინგზე რამდენიმე ასეული გაწამებული ადამიანი გამოვიდა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ აქციის მოთხოვნებს დანარჩენი დევნილები არ ემხრობიან. მათი არმოსვლის მიზეზი იყო ის, რომ დევნილთა უმრავლესობა თავიანთ ოჯახებს ქუჩაში წვრილ-წვრილი ვაჭრობით არჩენს და მათ არ სცალიათ, არ შეუძლიათ, რომ ეს “სამუშაო ადგილები” თუნდაც ერთი ან ორი საათით მიატოვონ”, – წერდა გაზეთი “იბერია სპექტრი”.

აქციის მონაწილეები გაუსაძლის ყოფაზე ჩიოდნენ და ამბობდნენ, რომ ხალხი შიმშილით იხოცება, გაიზარდა თვითმკვლელობის შემთხვევებიც. “გუშინწინ დილით თავი ჩამოიხრჩო დევნილმა ქალბატონმა იმ მიზეზით, რომ ვერ შეიძინა ტკივილგამაყუჩებელი წამლები”, – თქვა მომიტინგემ და იქვე აღნიშნა, “დევნილებთან შეხვედრისას პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ განაცხადა, ერთი ნათელი წერტილიც არ ჩანს აფხაზეთის საკითხის მოგვარებაშიო. დღეს უკვე ნათელი გახდა, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ეშელონები წლების განმავლობაში ურცხვად გვატყუებდნენ, აფხაზეთს ან სამაჩაბლოს ვიბრუნებთო. დღეს ცხადი გახდა, რომ შევარდნაძის ხელისუფლება ამის გამკეთებელი არ არის”.

შეკრებილები ამბობდნენ, რომ აქციის მიზანი სოციალური პრობლემების წინ წამოწევა იყო. აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილთა აქცია იმ დღესვე დაიშალა.

Media

დევნილების აქცია

დევნილების აქცია

გაზეთი "იბერია სპექტრი", 12-20 ივნისი 2000 წელი