2019 წლის 13 დეკემბრიდან 18 დეკემბრამდე
ეროვნული
სამართალი
აქცია
პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ 15 წლის ბიჭმა თვითმკვლელობა სცადა
მოქალაქები, მოძრაობა “სირცხვილია”
დაისაჯონ დამნაშავეები
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ამ ცხოვრების დედაც!” “სისტემა უნდა დაინგრეს!”, “ლუკა, ბოდიში””
გამომძიებელი მარიანა ჩოლოანი დააკავეს
2019 წლის 10 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს. მისი გამოკითხვის საფუძველი „მწვანე სკოლის“ შეტყობინება იყო. დირექტორის თქმით, სკოლის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ყოფილი მოსწავლე შევიდა, დააზიანა სკოლის ინფრასტრუქტურა, დატოვა წარწერები, რის გამოც მიმართეს სამართალდამცავ უწყებებს. პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულ მოზარდს პოლიცია დანაშაულის აღიარების მოთხოვნით ემუქრებოდა და ფსიქოლოგიურად ძალადობდა. რის შემდეგაც იმავე დღეს თვითმკვლელობის მიზნით მოზარდი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოხტა. მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ერთ-ერთი წარწერა, რომელიც, სავარაუდოდ, ლუკა სირაძემ სკოლის ტერიტორიაზე დატოვა იყო: “ამ ცხოვრების დედაც”. სწორედ ეს წარწერა გამოჩნდა თბილისის ქუჩებში ამ ამბის გავრცელებიდან მალევე. ჯერ პოლიციის განყოფილებასთან წააწერეს, შემდეგ კი ქალაქის სხვა ფასადებზეც და ამ გზით გამოუცხადეს მას მხარდაჭერა.
17 დეკემბერს 15 წლის ლუკა სირაძე კლინიკაში გარდაიცვალა. ამის შემდეგ დააკავეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს I განყოფილების გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, რომელმაც ბავშვი დაკითხა.
18 დეკემბერს საპროტესტო აქციები რამდენიმე ადგილზე გაიმართა. „სტუდენტურმა ასოციაციამ”, ასევე, სხვა სტუდენტებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს შს სამინისტროს რუსთავის მთავარი სამმართველოს წინ.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ სანთლებით გამოსახეს გარდაცვლილის სახელი. პლაკატებზე ეწერა: „სისტემა უნდა დაინგრეს!”, „ამ ცხოვრების დედაც!”
აქცია გაიმართა ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წინ. აქტივისტებმა გზა გადაკეტეს და გზაზე წარწერები”ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს.
აქცია გაიმართა დიღმის პოლიციასთანაც. მანამდე, სოლიდარობის აქცია გაიმართა იაშვილის სახელობის კლინიკასთანაც, სადაც 15 წლის ბიჭი გარდაიცვალა. აქტივისტებმა კლინიკასთან ყვავილები და სანთლები მიიტანეს. მოზარდის გარდაცვალების გამო, სოლიდარობის აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ზუგდიდში, ენმ-ის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პოლიციის სამმართველოს წინ, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობასთან და ასევე სკეიტ პარკის ტერიტორიაზე წარწერები – “ამ ცხოვრების დედაც” დატოვეს. კედლის წარწერები გამოჩნდა გორში, ქუთაისში, რუსთავსა და სხვა ქალაქებში.
მუსიკალურმა ჯგუფმა “IV დასმა” ლუკა სირაძის ამბავს სიმღერა მიუძღვნა.
2020 წლის 7 სექტემბერს 15 წლის ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ბრალდებით დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ის დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 2021 წლის 5 აგვისტოს ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით.