EN

ანას ბაღის გადასარჩენად

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 12 დეკემბერი – 2020 წლის 23 მაისი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

ურბანული

პროტესტის ფორმა

ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

კორპუსის ასაშენებლად სამუშაოების დაწყება

ლიდერები, ორგანიზატორი

სამეზობლო, ნატა ფერაძე, ლევან ხაბეიშვილი

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს კორპუსი და საჯარო სივრცე შენარჩუნდეს

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერია და სამშენებლო კომპანია

ტრანსპარანტები

„ანას ბაღი ჩვენია“, „დაგვიბრუნეთ ეზო“, „დაწყევლილი მშენებლობა“

ვიზუალური ელემენტები

საპროტესტო კარვები

პროტესტის შედეგი

შედეგი არ მოჰყოლია, კორპუსი აშენდა

ვარკეთილში, ზემო პლატოს მე-2 მიკრორაიონში, კორპუსებს შორის პატარა სკვერია – „ანას ბაღი“. სკვერის მომიჯნავე ტერიტორია 2016 წელს თბილისის მერიამ გაასხვისა, 2018 წელს კი მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა. სამეზობლო, რომელიც მშენებლობის წინააღმდეგი იყო, მშენებელსა და მერიას მიმართავდა, კომპანიისთვის „ადგილმონაცვლეობა“ შეეთავაზებინა, თუმცა ორივე მათგანი ამბობდა, რომ სკვერს საფრთხე არ ემუქრებოდა.

2019 წლის ნოემბერში კი, როცა გასხვისებული ტერიტორია მშენებლობის დასაწყებად შემოიღობა, მოსახლეობამ ანას ბაღის გადასარჩენად ეზოში 24-საათიანი აქციები დაიწყო. 2020 წლის 9 იანვარს მშენებელმა მშენებლობის დასაწყებად ტექნიკა მიიყვანა, თუმცა მეორე დღესვე ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი აქცია გაიმართა –  ადგილობრივებმა გაშალეს კარვებიც. იმ დღეს პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა.

2020 წლის 22 თებერვალს, გვიან საღამოს, აქტივისტებმა პარტიზანული სკვერი გააშენეს – დარგეს ხეები, დადგეს სკამები და მაგიდა. ამ დროს მშენებელ კომპანიას შემოღობილ ტერიტორიაზე უკვე ჰყავდა სამშენებლო ტექნიკა შეყვანილი. თუმცა ორ დღეში სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს სკამები და მაგიდა და ტერიტორიას ღობე შემოარტყეს. 

2020 წლის 27 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტების სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა და მშენებლობა შეაჩერა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა კომპანიამ.  2020 წლის 27 აპრილს მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ეს კერძო საჩივარი და საქმე განსახილველად კვლავ საქალაქო სასამართლოს დაუბრუნა.

მოქალაქეთა პროტესტისა და სასამართლო დავების მიუხედავად, ვარკეთილში კორპუსის მშენებლობა კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ გაგრძელდა.აქცია გაიმართა 2020 წლის 23 მაისს თბილისის მერიასთანაც. მერმა მათ უსაქმური ადამიანების ჯგუფი უწოდა. საბოლოოდ, მრავალსართულიანი კორპუსი აშენდა.

Media

სამეზობლო "ანას ბაღის" დასაცავად

სამეზობლო "ანას ბაღის" დასაცავად

2019 წლის 20 ნოემბერი. ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი