ახალციხის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებმა 2023 წლის 18 ნოემბერს სკოლის ეზოსთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი შვილების სკოლაში დაბრუნებას ითხოვდნენ და ხელისუფლებას დროის გაჭიანურებაში ადანაშაულებდნენ. “დაგვაბრუნეთ სკოლაში” – ამ ბანერით იდგნენ აქციაზე ბავშვები მშობლებთან ერთად.
2023 წლის იანვარში მიღებული გადაწყვეტილებით, მეორე საჯარო სკოლის 400-მდე მოსწავლე სკოლის რეაბილიტაციის გამო პირველ საჯარო სკოლაში გადაანაწილეს, თუმცა, დახურული სკოლის რეაბილიტაცია არ დაწყებულა.
მშობლის თქმით, პანდემიის პერიოდში, სკოლაში მოწესრიგდა სველი წერტილები, თავიდან დამონტაჟდა წყალგაყვანილობა, ამიტომ გაუგებარი იყო მიმდინარე წლის დასაწყისში შენობა როგორ გახდა ,,საფრთხის შემცველი“.
აქციის მონაწილეთა თქმით, სკოლის შეცვლის გამო მოსწავლეებს 30 წუთამდე შეუმცირდათ თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა, მეორე ცვლაში გადასული ბავშვები გვიან ამთავრებდნენ სასწავლო პროცესს და ვეღარ ასწრებდნენ სხვადასხვა წრეზე სიარულსა და დასვენებას.აქციაზე მისულმა ახალციხის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელმა, ხათუნა ხმალაძემ შეკრებილებს უთხრა, რომ 2024 წლის იანვრიდან სკოლის რეაბილიტაციის სატენდერო დოკუმენტაცია უკვე გამოქვეყნდებოდა. თუმცა ასე არ მოხდა. 2024 წლის ივნისისთვის ტენდერი ისევ არ იყო გამოცხადებული, ხოლო ბავშვები აგრძელებდნენ სხვა სკოლაში საგაკვეთილო პროცესზე დასწრებას.