2010 წლის 12 მაისს პარლამენტის წინ ადვოკატთა მჯდომარე აქცია დაიწყო. მათ საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით შეცვლა მოითხოვეს. ადვოკატების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს გაუგზავნეს, თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას, საარჩევნო კომისიების პარიტეტული წესით დაკომპლექტებას და ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ითვალისწინებდა. პარლამენტისადმი მიმართვას ხელი 500-მდე ადვოკატმა მოაწერა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ არსებული კანონმდებლობა “ხელისუფლებას წინასწარ გამარჯვებულად აცხადებს”, მათ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით კი არჩევნების გაყალბება შეუძლებელი იქნებოდა. ადვოკატებმა უწყვეტი აქცია რამდენიმე დღის განმავლობაში გააგრძელეს.
15 მაისს საპატრულო პოლიციამ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაში მონაწილე ადვოკატებს კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. პატრულმა გასაშლელად გამიზნული კარვები აქციის მონაწილეებს ჩამოართვა და თან წაიღო. ამის შემდეგ აპირებდნენ, რომ აქცია უწყვეტი კი არ ყოფილიყო, არამედ ყოველ დღე რამდენიმე საათით მისულიყვნენ პარლამენტთან. თუმცა ამ აქციების შესახებ ინფორმაცია აღარ იძებნება.