2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები ისტორიაში შევიდა, როგორც ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენება მომიტინგეთა მიმართ. ამ დღეს პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა აქცია პარლამენტის შენობის წინ. საპროტესტო მუხტი მოქალაქეებში კი რამდენიმე კვირით ადრე გაჩნდა, როცა თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი 27 სექტემბერს ფულის გამოძალვის, ფულის გათეთრების, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს. ორი დღით ადრე, 25 სექტემბერს, როცა შემოსავლების სამსახურმა ოქრუაშვილის ახლო მეგობრის, ბიზნესმენის ქიბარ ხალვაშის საქმის შესწავლა დაიწყო, პოლიტიკოსმა თქვა, რომ პრეზიდენტი ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამდა. მან სააკაშვილი დაადანაშაულა ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის დაკვეთაში და თვითონ კი პარტიის დაფუძნება დააანონსა. ამ მოვლენების დროს მთავარი პროკურორი ნიკა გვარამია იყო.
მეორე დღეს, 28 სექტემბერს, პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ყველაზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართა, მათი მოთხოვნა საპრეზიდენტო მმართველობის გაუქმება იყო. ოპოზიციის მხრიდან ისმოდა მოწოდებები სააკაშვილის რეჟიმის „დამხობისაკენ“. სააკაშვილმა ბრალდებებს სიცრუე უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში ხელშეუხებელი არავინაა.
8 ოქტომბერს პროკურატურამ გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ოქრუაშვილი უარყოფდა გაჟღერებულ ბრალდებებს სააკაშვილის წინააღმდეგ და მანამდე ამ საკითხზე საუბარი კი „პოლიტიკური დივიდენდების მიღების სურვილით“ ახსნა. მას ამ დღეს, წაყენებული ბრალის აღიარების სანაცვლოდ, პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. მან პოლიტიკიდან დროებით ჩამოცილების გადაწყვეტილებაც (11 ოქტომბერს) მიიღო.
ოქრუაშვილი ამბობდა, რომ მისი გეგმების შესახებ ინფორმირებული იყო ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელი ბადრი პატარკაციშვილი. 10 ოქტომბერს პატარკაციშვილმა თქვა, რომ ქვეყანაში არსებულმა ”რთულმა სიტუაციამ” შესაძლოა აიძულოს ის, პოლიტიკაში მოვიდეს.
17 ოქტომბერს ათმა ოპოზიციურმა პარტიამ შექმნა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მანიფესტი, რომლის უმთავრესი პირობაც იყო 2008 წლის გაზაფხულზე სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
28 ოქტომბერს პატარკაციშვილმა თქვა, რომ იზიარებდა ოპოზიციის მანიფესტის შინაარსს და ცვლილებების მისაღწევად საჭირო აქციების გასამართად მათ დაფინანსებას დაიწყებდა. ამ დღეების განმავლობაში აქციები იმართებოდა საქართველოს დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში.
2 ნოემბერს ათასობით ადამიანი შეიკრიბა პარლამენტის შენობის წინ. მათი ნაწილი რეგიონებიდან წინა ღამით ჩამოვიდა. ოპოზიციის ლიდერები პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს, ნინო ბურჯანაძეს შეხვდნენ, რომელმაც თქვა, რომ არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ხელისუფლება კომპრომისზე არ წავიდოდა.
5 ნოემბერს დეპუტატმა ლევან გაჩეჩილაძემ, „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა, პარტიის „ჩვენ თვითონ“ ლიდერმა პაატა დავითაიამ და თბილისის საკრებულოს ყოფილმა წევრმა ბიძინა გეგიძემ თქვეს, რომ პარლამენტთან შიმშილობას იწყებდნენ. ამ დღეს ირაკლი ოქრუაშვილმა „იმედთან“ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ ციხეში ჩვენების მიცემა აიძულეს.
ოპოზიციამ წვიმიან ამინდში მოშიმშილეებისთვის 6 ნოემბერს პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა გადაწყვიტა, 7 ნოემბერს დილით თბილისის მერმა, გიგი უგულავამ კი თქვა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებდა დედაქალაქის კარვებად გადაქცევას. პოლიციამ საპროტესტო აქცია დაშალა, თუმცა ოპოზიციონერი ლიდერები ამბობდნენ, რომ პროტესტი არ შეწყდებოდა.
რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბა ხალხი, პოლიცია მათ გზის გადაკეტვის უფლებას არ აძლევდა, პოლიცია ფიზიკურად უსწორდებოდა აქციის იმ მონაწილეებს, რომლებიც საავტომობილო გზის გადაკეტვას ცდილობდნენ. სახელისუფლებო პარტიის დეპუტატი, გიგა ბოკერია ამბობდა, რომ პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა.
მალევე პოლიციამ აქციის დასაშლელად ძალის გამოყენებით დაიწყო. ისინი იყენებდნენ ცრემლმდენ აირს, ხელკეტებს, რეზინის ტყვიებს, აკუსტიკურ თოფებსა და წყლის ჭავლს. აქციის დაშლა „იმედის“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. პრემიერ ზურაბ ნოღაიდელის თქმით, აუცილებელი იყო გამზირის გათავისუფლება, ქვეყანა კი აგრძელებდა „ნორმალურად ფუნქციონირებას“.
პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ მოქალაქეები რიყეზე (ახლანდელ ევროპის მოედანზე) შეიკრიბნენ, თუმცა მათი დაშლა ძალის გამოყენებით პოლიციამ იქაც განაგრძო. ამ დღეს 500-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
იმავე, 7 ნოემბრის ღამეს ტელეკომპანია „იმედში“ ნიღბიანი პირები შევიდნენ. მათ დაარბიეს ტელეკომპანია. მაუწყებლობა შეაწყვეტინეს „იმედსა“ და „კავკასიას“.
პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა იმავე დღეს გამოსცა 15-დღიანი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დეკრეტი. ამით, ამავე პერიოდით, შეიზღუდა აქციების გამართვა და სხვა მაუწყებლებს მუშაობა შეეზღუდათ.
“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ინფორმაციით, ბათუმში 8 ნოემბერს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მსვლელობა ჰქონდათ დაგეგმილი იმ მოვლენების გასაპროტესტებლად, რაც დედაქალაქში მოხდა.
თუმცა, თვითმხილველთა თქმით, მსვლელობის დაწყებამდე უნივერსიტეტში ხელკეტებით სპეცრაზმელები შეიჭრნენ. ამ ინციდენტის შემდეგ ბათუმის საავადმყოფოებში სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით შვიდი სტუდენტი გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, დაზარალებულთა ტრავმები სერიოზული არ იყო და სტუდენტები სახლებში გაეწერნენ.
ამასთან, გაზეთ “ბათუმელების” ცნობით, სპეცრაზმელებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების განცხადებით, მათ არ იცოდნენ იმის შესახებ, რომ საგანგებო მდგომარეობა, თბილისის გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდებოდა.
საპროტესტო აქციების გამო მიხეილ სააკაშვილი 25 ნოემბერს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნები 2008 წლის 5 იანვარს დაინიშნა.