EN

ურნების აქცია

left arrow

2018

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2018 წლის 10 ოქტომბერი – 26 ნოემბერი

პროტესტის არეალი

თბილისი და რეგიონი

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

გორის მერმა განაცხადა რომ 2008 წელს ცხინვალი გორიდან დაიბომბა

ლიდერები/ორგანიზატორი

გიგა მაქარაშვილი,
მოძრაობა “რუსეთი ოკუპანტია”

მთავარი მოთხოვნა

გადადგეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი

პროტესტის ადრესატი

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„ჩინოვნიკი ყარს“, „რუსეთი ოკუპანტია“, „ჩაყარე ჩინოვნიკი“, „რუსული პროპაგანდისტული ნაგავი ჩაყარე აქ“

ვიზუალური ელემენტები

ნაგვის ურნები

პროტესტის შედეგი

გორის მერი არ გადამდგარა

2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი სამოქალაქო მოძრაობის „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებთან ერთად გორის მერიასთან მივიდა, კიბეებზე ფუნა და ხორბალი დაყარა და ამ პერფორმანსით გააპროტესტა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადება, თითქოს, 2008 წელს ცხინვალი გორიდან დაიბომბა, მანვე რასისტული გამონათქვამები გამოიყენა აშშ-ს იმდროინდელი სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის მიმართ. ორგანიზატორებმა აქცია-პერფორმანსი “მერო, შე მზეო” ასე ახსნეს: ბიძინა ივანიშვილი საკენკს უყრის საზოგადოებას და ხელისუფლება ეფლობა ფუნაში. სამოქალაქო აქტივისტი, ანა ჭარხალაშვილი გორის მერს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებდა

აქცია უკვე დამთავრებული იყო, მაქარაშვილი კი კიბეებს ასუფთავებდა, ამ დროს მერიის შენობიდან თემურ მანველიშვილი გამოვიდა და მაქარაშვილს ნაგვით სავსე ურნა თავზე ჩამოამხო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცემის მუხლით აღძრა, თუმცა უფლებადამცველები არაადამიანური მოპყრობის მუხლით ითხოვდნენ ამ საქმის წარმოებას. 

„ჩინოვნიკი ყარს“; „რუსეთი ოკუპანტია“; „ჩაყარე ჩინოვნიკი“; „რუსული პროპაგანდისტული ნაგავი ჩაყარე აქ“ – ამ შინაარსის წარწერებიანი ნაგვის ურნები მიიტანეს მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“-ს წევრებმა 16 ოქტომბერს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან და გორის მერის გადადგომა მოითხოვეს. 

გამოძიების დასრულებამდე გორის მერმა შიდა მოკვლევა დაამთავრა და 26 ნოემბერს მანველიშვილს მხოლოდ საყვედური გამოუცხადა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი, ქეთი ბებიაშვილი ამბობდა, რომ სახეზე იყო არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა, საჯარო მოხელის მძიმე დისციპლინური გადაცდომა, ეთიკის ნორმების დარღვევა და საჯარო მოხელისთვის შეუფერებელი ქმედება. მისი აზრით, მერის მიერ გამოტანილი სასჯელი არაადეკვატურია.