EN

უკრაინის სოლიდარობის აქცია

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 21-24 თებერვალი

პროტესტის გავრცელება

ეროვნული

პროტესტის თემატიკა

პოლიტიკა

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

უკრაინის ტერიტორიების ანექსიასა და ომის დაწყება

მთავარი მოთხოვნა

უკრაინის დახმარება, რუსეთისთვის შეზღუდვების დაწესება

პროტესტის ადრესატი

მთავრობა

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

Save Ukraine

Let’s stop togerhet

Sorry for our government

შეძახილები

„უკრაინა“

„საქართველო“

„Слава Україні! Героям Слава!“

სხვა ვიზუალური ელემენტები

უკრაინის დროშა, ლურჯი და ყვითელი კვამლი, პერფორმანსი

პროტესტის შედეგი

მოთხოვნა ნაწილობრივ შესრულდა. ხელისუფლება გზავნიდა ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინაში.

2022 წლის 24 თებერვალს დილით რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ამას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და თქვა, რომ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები“, რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. ომის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი პუტინმა აღიარა უკრაინის ტერიტორიების, ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა“. ამ აღიარების გამო, ჯერ კიდევ 22 თებერვალს, თბილისის უკრაინის საელჩოსთან გაიმართა სოლიდარობის აქცია, თუმცა უფრო მასშტაბური გამოსვლა უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეს დაიწყო. აქციები გაიმართა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში.

ომის დაწყების მეორე დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო „ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით“ არ შეუერთდეოდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში მისი „ჩასვლა-ჩამოსვლა არაფრის მომცემია“. უკრაინის რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ ირაკლი ღარიბაშვილს გაახსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, უკრაინის პრეზიდენტი რუსთაველზე იდგა ქართველ ხალხთან ერთად.

პრემიერის გადადგომის მოთხოვნით იმავე დღეს  გაიმართა აქცია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, შემდეგ კი ხალხმრავალმა დემონსტრაციამ პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა. აქცია პარლამენტის შენობის წინ იმართებოდა მომდევნო დღეების განმავლობაშიც. 27 თებერვალს რუსეთის მოქალაქემ პასპორტი საჯაროდ დაწვა.

რუსთაველზე შეკრებილ მოქალაქეებს სურდათ, საქართველო უფრო მეტად სოლიდარული ყოფილიყო უკრაინის მიმართ, მთავრობას გამოიხატა მხარდაჭერა მეგობარი ქვეყნის მიმართ და გადაედგა ქმედითი ნაბიჯები დასახმარებლად: მათ შორის, ჩაეკეტა ცა რუსული თვითმფრინავებისთვის და შეეტანა განაცხადი ქვეყნის ევროინტეგრაციაზე. 

1 მარტს ომის დაწყების მეექვსე დღეს, წლების განმავლობაში საქართველოს პარტნიორმა უკრაინამ თბილისიდან ელჩი გაიწვია, ომში წასვლის მსურველი მოხალისეების ხელის შეშლისა და რუსეთის სანქციებთან დაკავშირებით გამოხატული „ამორალური პოზიციის“ გამო. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობნენ საზოგადოებისთვის ისე წარმოეჩინათ, თითქოს, დასავლეთი საქართველოს უკრაინასთან ომში ჩართვას სთხოვდა და ამიტომ არ უერთდებოდნენ სანქციებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი („დღეს იგივე ხალხი გვიკიჟინებს ჩავერთოთ ომში, სანქციები დავუწესოთ რუსეთს. ომში მივიღოთ უკრაინაში მონაწილეობა და ა.შ…“) და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი აცხადებდნენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საქართველოს ომში ჩართვა სურდა რუსეთისთვის სანქციების დაწესებით. დარჩიაშვილმა ვიდეომიმართვაში თქვა, რომ საქართველომ უკრაინის დასახმარებლად 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა და ამიტომ მისთვის გაუგებარი იყო ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება.

ომში მყოფი უკრაინელების დასახმარებლად საქართველოს მოსახლეობამ დაიწყო პროდუქტისა და ტანსაცმლის შეგროვება – მოქალაქეებს მიჰქონდათ ზამთრისთვის შენახული კომპოტები, მწნილები, ჯემები. ასევე, არამალფუჭებადი პროდუქტი, ჰიგიენური ნივთები და ა.შ. ინიციატივას შეერთდნენ კომპანიები და სასწავლებლებიც.

4 მარტს აქციის მონაწილეებს საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტმა მიმართეს. ამ დღეს აქციის ორგანიზატორი ტელეკომპანია „ფორმულა“ იყო, რომელმაც საქველმოქმედო ფონდი შექმნა და 500 000 ლარი გადარიცხა, რაც საბოლოოდ 677 000 ლარამდე გაიზარდა. მარათონი მოაწყო საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც, რა დროსაც 700 000 ლარამდე შეგროვდა. მხარდაჭერას გამოხატავდნენ სხვა მედიასაშუალებებიც, რომლებმაც სოლიდარობის ნიშნად საკუთარი ლოგოები უკრაინის დროშის ფერებად გააფერადეს. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით საქართველოში მყოფი უკრაინელებისთვის შეიქმნა პლატფორმა Dopomoga Ukraini, რომელიც საქართველოში მათთვის არსებული სერვისების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

6 აპრილს პარლამენტთან გაიმართა აქცია-პერფორმანსი ბუჩასა და უკრაინის სხვა ქალაქებში ოკუპანტების მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად – ისინი განასახიერებდნენ ბუჩიდან გავრცელებულ ფოტოებში ასახულ ხელებშეკრული, მოკლული მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრებს.

6 დეკემბერს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება უპასუხოდ ტოვებდა მათ თხოვნას გენერატორებით დახმარების შესახებ. 22 დეკემბერს საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა 25 ერთეული მაღალი სიმძლავრის გენერატორი. 

იმის მიუხედავად, რომ საქართველო შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ არაერთ დოკუმენტს და გაგზავნა ჰუმანიტარული ტვირთიც, „ქართული ოცნების“ ლიდერების გაკეთებული განცხადებების გამო, საზოგადოებაში არსებობდა განცდა, რომ საქართველო სათანადოდ არ ედგა მოძმე უკრაინას მხარში.

უკრაინელი ხალხის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ომის დაწყებიდან ერთი წლისთავზეც.

Media

სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან

სოლიდარობის აქცია უკრაინის საელჩოსთან

ფოტო: მზია საგანელიძე, "რადიო თავისუფლება"