2018 წლის 1 სექტემბერი – 2020 წლის 30 აგვისტო
თბილისი
სამართალი
აქცია
თბილისის ზღვაზე არაერთი ახალგაზრდა დაიხრჩო
ალეკო ცქიტიშვილი, ანა დოლიძე
თბილისის ზღვაზე, სადაც ბანაობა სახიფათოა, დაიდგას ამკრძალავი ბანერები და განთავსდეს მესერი
თბილისის მერია, GWP
“გააფრთხილე საფრთხის შესახებ”, “დაიხუროს სიკვდილის ზონები”, “გულგრილობა კლავს”
აიდგა ბანერები და შემოღობეს ტერიტორია
2017 წელს თბილისის ზღვაში ახალგაზრდები დაიხრჩვნენ, მათგან ერთ–ერთი 15 წლის ცოტნე ცქიტიშვილი იყო — ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის ვაჟი, რომელიც თბილისის ზღვაში საბანაოდ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე მოწყობილი კუსტარული პლაჟიდან შევიდა და წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.
ალეკო ცქიტიშვილმა, თბილისის ზღვაში დამხრჩვალი კიდევ ერთი ახალგაზრდის დედასთან ერთად, თბილისის მერიასა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“(GWP) სასამართლოში 2017 წელსვე უჩივლა. მოსარჩელეები მოითხოვდნენ, რომ თბილისის მერიამ თბილისის ზღვაზე, ე. წ. ჩანჩქერთან, გაატაროს ადეკვატური უსაფრთხოების ზომები – მოაწყოს მყარი ბარიერები, დააყენოს სათვალთვალო კამერები, გამაფრთხილებელი აბრები და ა.შ.
სასამართლოს პარალელურად, 2018 წლიდან, ანა დოლიძის, “ადამიანის უფლებათა ცენტრის”, CENN-ისა და “პროგრესის ცენტრის” ინიციატივით, კამპანია “იცურე მშვიდად” დაიწყო. კამპანიის ორგანიზატორებმა მონიშნეს ადგილები თბილისსა და რეგიონებში, სადაც დაუყოვნებლივ იყო საჭირო გამაფრთხილებელი ბანერების განთავსება და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ზომების მიღება.
სამართლის დოქტორის, მაკა ნუცუბიძის ავტორობით 2018 წელს მომზადებულ ანგარიშის თანახმად, “2015 წლიდან 2017 წლამდე საქართველოს მდინარეებში, ტბებში თუ ზღვებში 352 ადამიანი წყალში დახრჩობის შედეგად გარდაიცვალა, მათგან უმეტესობა ბავშვი და ახალგაზრდაა“.
კამპანიის ფარგლებში მცირერიცხოვანი ჯგუფი აქციებს პერმანენტულად მართავდა. მაგალითად, 2018 წლის 1 აგვისტოს შეიკრიბნენ თბილისის ზღვაზე, ე.წ. კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც წყალსაცავს მდინარე იორი უერთდება. ისინი ამბობდნენ, რომ მდინარე იორის შესართავი ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია თბილისის წყალსაცავზე, სადაც კუსტარული რეკრეაციული ზონაა მოწყობილი. ტერიტორიაზე არ არის დამონტაჟებული გამაფრთხილებელი აბრები და არც სპეციალური ბარიერებია მოწყობილი. ადამიანები არ არიან ინფორმირებული, რომ ამ ადგილზე ბანაობა სახიფათოა.
მუშაობდნენ ამ თემის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზეც. გამოქვეყნდა არაერთი სტატია, ხოლო სტუდია მონიტორმა მოამზადა საგამოძიებო ფილმი – “სიკვდილის ზონები საქართველოში“.
პრობლემის შესახებ კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას 2019 წლის 28 მაისს, როცა კამპანიის მონაწილეები თბილისის ზღვაზე ისევ შეიკრიბნენ. “გააფრთხილე საფრთხის შესახებ”, “დაიხუროს სიკვდილის ზონები”, “გულგრილობა კლავს” – ეწერა ტრანსპარანტებზე.
2019 წლის ზაფხულში CENN-ის საზაფხულო მწვანე ბანაკის მონაწილე მოსწავლეებმაც რამდენიმე აქცია გამართეს. 30 ივნისს ადგილზე არსებულ დაზიანებულ კონსტრუქციაზე მოაწყვეს ბანერი გამაფრთხილებელი წარწერით, რომელიც მოქალაქეებს მიუთითებს ამ ადგილაზე არსებული სასიკვდილო საფრთხის შესახებ: „აქ დაიღუპა ჩვენი მეგობარი. ბანაობა სასიკვდილოა!“ CENN-ის მხარდაჭერით, აქცია-პერფორმანსის შესახებ მომზადდა ვიდეორგოლი, რომელიც გავრცელდა სოციალურ ქსელში. 10 აგვისტოს გამართულ აქციაზე იგივე ბანერის მეორე მხრიდან კიდევ ერთი გამაფრთხილებელი წარწერა გააკეთეს: „აქ შენ არავინ გიცავს! ნუ გახდები მსხვერპლი. ბანაობა აკრძალულია“.
აქციების მიმდინარეობის პარალელურად სასამართლოც განიხილავდა ალეკო ცქიტიშვილისა და მაკა წიკლაურის სარჩელს. მოსამართლე ნათია ბუსკაძე თავად გავიდა შემთხვევის ადგილზე და დათვალიერების შემდეგ დაასკვნა, რომ სახიფათო ტერიტორიაზე მოხვედრა მართლაც ყველას შეეძლო, ვინაიდან ის სათანადოდ შემოსაზღვრული არ ყოფილა.
პირველ ინსტანციაში საქმის განხილვა 2 წელიწადს გაგრძელდა და ცქიტიშვილი-წიკლაურის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებით დასრულდა: კერძოდ, მოსამართლე ნათია ბუსკაძემ მერიას ტერიტორიის შემოღობვა და ამკრძალავი ბანერების განთავსება დაავალა.
მეორე მხრივ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადგილზე მაშველთა საგუშაგოს მოწყობის მოთხოვნა და დასძინა, რომ მაშველები საჭირონი არიან იმ ადგილებზე, სადაც შესვლა ნებადართულია. ამასთან, არ დაკმაყოფილდა მოსარჩელეთა მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლოში დავა თბილისის მერიამაც განაგრძო და ალეკო ცქიტიშვილმაც.
ცქიტიშვილი ითხოვდა, სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც დაკმაყოფილებულიყო. თავის მხრივ, მერიასა და GWP-ის სურდათ, გაუქმებულიყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, რომლის ძალითაც მუნიციპალიტეტს ღობის აშენება და ბანერების განთავსება დაევალა.
გასაჩივრების მიუხედავად, ე.წ. ჩანჩქერის მიმდებარედ 2020 წელს ბანერები, 2021 წელს კი კაპიტალური მესერიც დაამონტაჟეს და ზედ გამაფრთხილებელი ბანერებიც მიამაგრეს ისე, როგორც ამას მოსარჩელე ითხოვდა. მეტიც, არა მხოლოდ ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე, არამედ თბილისის ზღვის მთელ პერიმეტრზე, ყოველ 100 მეტრში, ცურვის ამკრძალავი ბანერები დამონტაჟდა.
სასამართლო დავა 2024 წლის 20 ნოემბერს დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ ალეკო ცქიტიშვილის საკასაციო საჩივარი დააკმაყოფილა და ქალაქ თბილისის მერიას თბილისის ზღვის ე.წ. ჩანჩქერის ტერიტორიაზე ბარიერებისა და გამაფრთხილებელი ბანერების დამონტაჟების ვალდებულება დააკისრა. მერიას, ასევე, დაეკისრა მორალური ზიანისთვის კომპენსაციის სახით 25 000 ლარის გადახდა.