2022 წლის 17 აპრილი – 25 ივნისი
თბილისი
განათლება
აქცია
თსუ-ში სწავლა ონლაინის ნაცვლად აუდიტორიებში უნდა განახლებულიყო
თსუ-ს სტუდენტები
სემესტრის ბოლომდე სწავლება ჰიბრიდულ რეჟიმში გაგრძელებულიყო
თსუ-ს ადმინისტრაცია
“ნუ გვტოვებთ განათლების მიღმა”
“ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს”
მოტხოვნა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელდა.
კოვიდ პანდემიის გამო 2020 წლის გაზაფხულიდან უმაღლესი სასწავლებლები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ, რის გამოც რეგიონში მცხოვრები სტუდენტები, რომლებსაც თბილისში ბინის ქირაობა უწევდათ, საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და იქიდან აგრძელებდნენ დისტანციურად სწავლას. პანდემიის დასრულების შემდეგ კი სწავლა ჩვეულ რეჟიმს უნდა აღდგენილიყო. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ 2022 წლის 18 თებერვალს სტუდენტებს მისწერა, რომ სწავლა 2 მაისიდან მხოლოდ აუდიტორიებში გაგრძელდებოდა. ამ ცნობამ სტუდენტთა ნაწილის პროტესტი გამოიწვია, რადგან რეგიონში მცხოვრებლებს სემესტრის დასრულებამდე დარჩენილი ორი თვის გამო მოუწევდათ თბილისში საცხოვრებლად გადასვლა და ბინის ქირაობა, რაც, ფიქრობდნენ, რომ გაუჭირდებოდათ. ამას ემატებოდა დასაქირავებელ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნა და ფასი, რისი მიზეზიც რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი და ომის გამო რუსეთიდან შემოსულ მოქალაქეთა დიდი რაოდენობა იყო. ამიტომ სტუდენტები ითხოვდნენ, რომ სემესტრის დასრულებამდე სწავლა ჰიბრიდულად გაგრძელებულიყო, სააუდიტორიო მეცადინეობა კი სექტემბრიდან განახლებულიყო.
2022 წლის 17 აპრილს სტუდენტები თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში შეიკრიბნენ. მათი თქმით, თსუ-ში 24 000 სტუდენტიდან 9 600 რეგიონიდან იყო. მათგან ნახევარმა ჰიბრიდული სწავლების მოთხოვნას აქტიურად დაუჭირა მხარი. ადმინისტრაციასთან უშედეგო კომუნიკაციის გამო, 20 აპრილს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა. “ნუ გვტოვებთ განათლების მიღმა”; “ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს” – ეწერათ ბანერებზე პირველი კორპუსის კიბეზე მდგარ ახალგაზრდებს.
11 მაისს თსუ-ს განათლების სამინისტრომაც მოუწოდა, რომ სასწავლო წლის დასრულება ჰიბრიდულ რეჟიმში გაეგრძელებინა.
იმავე დღეს სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციას შეხვდნენ. რამდენიმესაათიან დაძაბულ შეხვედრას სტუდენტთა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოჰყვა. რექტორმა გიორგი შარვაშიძემ გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმადაც სწავლება თსუ-ში შერეული ფორმატით 13 მაისიდან გაგრძელდებოდა.
თუმცა, სტუდენტებმა მალევე დაიწყეს ჩივილი, რომ ჰიბრიდულ რეჟიმში ლექციებს ლექტორთა ნაწილი არ ატარებდა, ტექნიკური და ინტერნეტის გაუმართაობის მიზეზით. მათი თქმით, გადაწყვეტილებამ, ფაკულტეტებს სწავლის მეთოდები თავად აერჩიათ, სრული ქაოსი და დაბნეულობა გამოიწვია როგორც სტუდენტებში, ისე – ლექტორებში.
31 მაისს უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს გამოცდების ჩაბარება დამატებით ორ ქალაქში – ქუთაისსა და ახალციხეში შესთავაზა. თუმცა, სტუდენტების თქმით, ორი საგამოცდო ცენტრის დამატება საკმარისი არ იყო. დასკვნითი გამოცდები თსუ-ში 18 ივნისიდან იწყებოდა.
სტუდენტებმა აქციები გაანაახლეს და ფინალური გამოცდების ონლაინ ფორმატში ჩატარებას ითხოვდნენ. 3 ივნისს მათ უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავეს და კანცელარიის დერეფანი გადაკეტეს.
“კანცელარიის ოთახი არ დაიკეტება მანამ, სანამ არ მივიღებთ შესაბამის ქმედით პასუხებს”, – აცხადებენ სტუდენტები.
სემესტრის დისტანციურ რეჟიმში დასრულების გარდა, მათი მთავარი მოთხოვნები იყო:
დღის ბოლოს თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც: “ფინალური გამოცდები არადისტანციურ (დასწრებით) ფორმატში უნდა ჩატარდეს, რადგან ეს არის ცოდნის შემოწმება-შეფასების სამართლიანი ფორმა”.
სტუდენტთა პროტესტს 6 ივნისს ახალი მოთხოვნები დაემატა და პრიორიტეტებიც სხვაგვარად გადანაწილდა. თუკი აქამდე სტუდენტთა მთავარი მოთხოვნა გამოცდების დისტანციურად ჩატარება იყო, 6 ივნისიდან ამ მოთხოვნამ მესამე ადგილზე გადაინაცვლა. მოთხოვნათა ნუსხის თავში კი უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის გადადგომა და რექტორის არჩევის წესის ცვლილება მოექცა. სტუდენტებმა მოითხოვეს, რომ 38-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად, რექტორი აერჩია ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრულ უმრავლესობას, პირდაპირი და ფარული კენჭისყრით.
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, 10 ივნისს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში დაპირისპირება მოხდა სტუდენტებსა და უნივერსიტეტის თანამშრომლებს შორის.
სტუდენტები რექტორის კაბინეტის დაკავებას ცდილობდნენ, რა დროსაც კართან მდგარი დაცვის წევრების ცოცხალი ჯაჭვის გარღვევა დასჭირდათ. დაძაბულულ მომენტში ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდა პროფესორი რამაზ ხომერიკი – ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი.
უნივერსიტეტის პრესსამსახურის ცნობით, დაპირისპირების შედეგად იყვნენ დაშავებულები – დაცვის 4 თანამშრომელი კლინიკაში გადაიყვანეს, უნივერსიტეტის ერთ თანამშრომელს კი ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დაიკავეს და იქ ათენებდნენ ღამეებს.
საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა მეორე დღეს, 11 ივნისს განმარტეს, რომ რამაზ ხომერიკმა სიტუაცია გაამწვავა და სტუდენტები გააღიზიანა, რადგან აქტიურად იცავდა “რექტორის კაბინეტს”. “ჩვენ არ გვსურდა მოვლენების ამგვარად განვითარება, შესაბამისად სტუდენტური მოძრაობა ბოდიშს იხდის პროტესტის გამოხატვის თავისუფლების გადამეტებისთვის”, – წერდნენ სტუდენტები.
“ბრძოლა განათლებისთვის”; “ღირსეული საცხოვრებელი სტუდენტებს!” – ეწერათ დიდ ბანერებზე.
13 ივნისისთვის მოთხოვნები კიდევ ერთხელ შეიცვალა. ამ დროისთვის სტუდენტები ითხოვდნენ:
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ნატა ასათიამა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სტუდენტთა მოთხოვნა, გამოცდების ონლაინ ჩატარების შესახებ არ დაკმაყოფილდებოდა, რის მიზეზადაც ასახელებდა განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და რეგიონებიდან ჩამოსული იმ სტუდენტებს, რომლებმაც უკვე იქირავეს თბილისში ბინები და გამოცდების აუდიტორიებში ჩაბარება სურდათ.
ნატა ასათიანის თქმით, ლისის საერთო საცხოვრებელში 50-მდე თავისუფალი ადგილი იყო, სადაც სტუდენტებს, რომლებსაც თბილისში საცხოვრებლის პრობლემა ჰქონდათ, გამოცდების პერიოდში უსასყიდლოდ ცხოვრება შეეძლოთ.
25 ივნისს სტუდენტებმა რექტორის კაბინეტი დატოვეს, რადგან მათი თქმით, მოთხოვნების ნაწილი შესრულდა. გავრცელებულ განცხადებაში სტუდენტური მოძრაობა “ბრძოლა განათლებისთვის” აღნიშნავდა, რომ სტუდენტების რამდენიმეთვიანმა პროტესტმა კონკრეტული შედეგები გამოიღო, მათ შორის უნივერსიტეტში “ნაწილობრივ, სისტემური ხარვეზებით” დაინერგა ჰიბრიდული სწავლება, საერთო საცხოვრებელი მიმდინარე სემესტრში გახდა უფასო, გაიხსნა დამატებით ორი საგამოცდო ცენტრი, ასევე ლისის საერთო საცხოვრებლის მესამე კორპუსი, რომელიც “მეტ-ნაკლებად აღიჭურვა ტექნიკით”. გარდა ამისა, სტუდენტების განცხადებით, წამოჭრილ პრობლემებთან დაკავშირებით შეხვედრები მოეწყო სახელმწიფო უწყებასთან და უნივერსიტეტთან.
მოგვიანებით სტუდენტების ამ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და მაისის სტუდენტური მოძრაობა დაირქვა.
ფოტო: ონლაინგამოცემა "პუბლიკა"