1999 წლის 1 ივნისს შიმშილობა გამოაცხადა სრულიად საქართველოს ადამიანთა უფლებების დაცვის ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი კერვალიშვილმა, მისი მოთხოვნები ასე ჩამოყალიბდა:
კერვალიშვილს “კოლხურ კოშკში” შიმშილობის აქციაში შემდეგ შეუერთდნენ “მრგვალი მაგიდის” წევრები, თუმცა მათ მხოლოდ ერთადერთი მოთხოვნა ჰქონდათ – “დაუყოვნებლივ გადადგეს ედუარდ შევარდნაძე და მისი ხუნტა”.
გაზეთ “იბერია სპექტრის” ინფორმაციით, კოშკში შიმშილობდა 200-მდე ადამიანი სხვადასხვა რაიონიდან. გარდა ამისა, ასეთი შიმშილობის აქციები ტარდებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ასოციაციის ქუთაისის რეგიონულ ორგანიზაციაში, ზუგდიდშიც ამ მოთხოვნით 80 ადამიანი შიმშილობდა. მათ შეუერთდნენ პოლიტპატიმრებიც და სხვადასხვა ციხეებსა და კოლონიებში 15 მსჯავრდადებულმა გამოაცხადა შიმშილობა. გიორგი კერვალიშვილმა წერილი მიიღო პატიმარ დავით ბიჭიაშვილისგან, რომელშიც ეწერა, რომ ბიჭიაშვილი იმ წლის 13 მაისიდან შიმშილობდა. მისი მოთხოვნაც შევარდნაძის გადადგომა იყო, თუმცა, ასევე სურდა 1990-91 წლების უზენაესი საბჭოს აღდგენა და 1992 წლიდან მსჯავრდადებული ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება. ის ითხოვდა ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დევნის შეწყვეტასაც. 65-დღიანი შიმშილობის შემდეგ ბიჭიაშვილს 44 კილოგრამი ჰქონდა დაკლებული, თუმცა უარს ამბობდა სამედიცინო დახმარების მიღებაზე. ბიჭიაშვილი დაპატიმრებული იყო იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით.
21 ივნისის გაზეთ “კვირის პალიტრიდან” ჩანს, რომ გიორგი კერვალიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა ჯანმრთელობის გაუარესების გამო.
გაზეთ “დრონის” 6 ივლისის გამოცემა წერს, რომ პრეზიდენტი შევარდნაძე “საკმაოდ შემწყნარებლურადაა განწყობილი კოლხურ კოშკში მიმდინარე ზვიადისტების შიმშილობის აქციის მიმართ და მის შესაწყვეტად ძალის გამოყენებას არ აპირებს”.
“კოლხური კოშკის” კედლები მოშიმშილეებს ასეთი წარწერები ჰქონდათ აჭრელებული – “გვაპატიე საქართველოს პირველო ჯვარცმულო პრეზიდენტო!” “ერკემალი აღსდგება, ვაცი კვერცხივით დაიჭეჭყება, ამინ!” “კოლხეთი არ დაიჩოქებს!” “კახეთს არ სძინავს, უყვარს ზვიადი!” “სვანეთი თქვენთანაა, ბატონო ზვიად, უფალს ამქვეყნად ბევრი სასწაული მოუვლენია, ერთსაც ველოდებით, თქვენს გამოცხადებას!”