EN

სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტი

left arrow

2022

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2022 წლის 27 მაისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე

პროტესტის არეალი

თბილისი

პროტესტის თემატიკა

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

გაუქმდა სახელფასო დანამატები , შრომის მოცულობა კი იგივე დარჩა

მთავარი მოთხოვნა

სასწრაფო დახმარებით თანამშრომლები

პროტესტის ადრესატი

ხელფასის 100%-იან მატება, ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურება

პროტესტის შედეგი

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი

მნიშვნელოვანი რესურსები

https://www.facebook.com/monitorstudio/videos/1630261664172908

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100%-ით გაზრდას ითხოვენ. ამ მოთხოვნით 27 მაისს მათ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელთა ხელფასი 24-საათიანი მორიგეობის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. თვეში მათ 7,5 მორიგეობა უწევთ. თითო მორიგეობაში უფროსი ექიმისთვის 175 ლარია გამოყოფილი, უმცროსი ექიმისთვის – უფრო ნაკლები. ამ ხელფასით უნდა დაფარონ მათ დაზღვევის ანაზღაურებაც. აქციის მონაწილეები ხელფასის 100%-ით ზრდას ითხოვდნენ.

7 ივნისს მათ საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს, კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობიდან ჯანდაცვის სამინისტროს შენობამდე იარეს. მოითხოვდნენ ზეგანაკვეთური და მავნე სამუშაოს შესრულებისთვის დამატებით ანაზღაურებასაც.

ისინი ამბობდნენ, რომ დანამატები, რომელსაც კორონავირუსის პანდემიის პერიოდში იღებდნენ, მოეხსნათ, მიუხედავად იმისა, რომ მათი სამუშაო დატვირთვა არ შემცირებულა. მათივე თქმით, პანდემიისას მიღებული დანამატი მათი ისედაც დაბალი ანაზღაურების ერთგვარი დაბალანსება იყო. შემდეგ კი, დანამატის მოხსნას დაერთო ინფლაცია, რის შედეგადაც მათი ანაზღაურება, გაწეული შრომის ფონზე, მიზერული გახდა.

აქციის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, რომ 16:00 საათზე სამედიცინო პერსონალის, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლების მონაწილეობით სამმხრივ ფორმატში შეხვედრა გაიმართებოდა. 

სასწრაფო სამედიცინო თანამშრომლების ბრძოლა ხელფასის მატებისთვის რამდენიმე თვეს გრძელდებოდა. 2023 წლის 11 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმები და მძღოლები ისევ ქუჩაში გავიდნენ. წინა წელს გამართული არაერთი საპროტესტო აქციისა თუ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის მიუხედავად, მათი მოთხოვნები არც 2023 წელს შეცვლილა. მეტიც, როგორც თავად ამბობდნენ, დამსაქმებელი და სახელმწიფო მათ იმ საპროტესტო აქციების გამო „სჯიდა“, რომლებიც გასულ წელს იმართებოდა და თუკი, მაგალითად, წინა წლებში ისინი 100%-იან მეცამეტე ხელფასს იღებდნენ, დეკემბერში მათ მეცამეტე ხელფასის მხოლოდ 70% ჩაერიცხათ.

აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების „დასასჯელად და დასაკნინებლად“, დამსაქმებელმა რამდენიმე თვის წინ კვალიფიკაციის ასამაღლებელი გამოცდების წესი შეცვალა, რის გამოც გამოცდაზე გასული ექიმების დიდი ნაწილი გამოცდის ჩაბარებას ვეღარ ახერხებდა. ეს კი დამსაქმებელს აძლევდა საშუალებას, რომ არათუ ხელფასი გაეზარდა, არამედ ასეთი ექიმები სამსახურიდანაც დაეთხოვა.

11 იანვარს გამართულ საპროტესტო აქციას მალევე გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი. მათი განცხადების თანახმად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, გადაუდებელი დახმარების ცენტრის თანამშრომელთა სამუშაო პირობები გაუარესებულიყო, არ შეესაბამებოდა სიმართლეს. 

როგორც ცენტრში აცხადებდნენ, 2022 წელს დააწესეს  უქმე დღეებში ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება და გაზარდეს სამუშაო დღეებში ზეგანაკვეთური მუშაობის ანაზღაურება.  მათივე თქმით, 2022 წელს თანამშრომლებს სამჯერ დაერიცხათ სახელფასო დანამატი. ცენტრის წარმომადგენლები დასძენდნენ, რომ 2023 წლის დასაწყისიდან, სხვა საჯარო მოხელეთა მსგავსად, ცენტრის თანამშრომელთა ხელფასებიც 10%-ით გაიზარდა. განცხადებაში არაფერი ეწერა საგამოცდო წესის ცვლილების შესახებ. 

2023 წლის 18 იანვარს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა პროტესტის ნიშნად ღამე გაათენეს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაში. იქ ღამის თევას შემდეგაც აგრძელებდნენ, თუმცა, მეექვსე დღეს შენობაში დაცვამ აღარ შეუშვა. აქციაზე იმყოფებოდნენ პროფკავშირების წევრებიც.  ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა შესასვლელი კარი ჩაკეტეს, რის გამოც, პროტესტის 3 მონაწილე შიგნით დარჩა

2023 წლის 4 ივლისს მორიგი საპროტესტო აქცია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ტრენინგცენტრთან გამართეს. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ექიმები, ექთნები და მძღოლები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში ანაზღაურების ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვდნენ, ამბობდნენ, რომ მათ წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებები დაიწყო. ამტკიცებდნენ, რომ  200-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით გამოცდებში მიზანმიმართულად ჩაჭრეს და სამსახურიდან უსამართლოდ გაათავისუფლეს. გათავისუფლებულები იყვნენ ის პირები, რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ ქუჩაში პროტესტის გამოსახატად.

4 ივლისის შემდეგ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლების საპროტესტო აქციის შესახებ ინფორმაცია მედიაში აღარ გავრცელებულა. 

2023 წლის 15 სექტემბერს ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ოქტომბრიდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებისა და ცენტრალური სადისპეტჩეროს ხელფასი 10%-ით გაიზრდებოდა, ხოლო 2024 წლიდან კიდევ 10%-ით მეტ ანაზღაურებას მიიღებდნენ.