2022 წლის 17 ივნისიდან 2024 წლის 23 ივნისამდე
თბილისი
პოლიტიკა
აქცია
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების პროცესის დაწყებას
ბექა წიქარიშვილი, კაკო ჩიქობავა, გიორგი ხასაია
შეწყვეტილიყო გამოსახლება და შეცვლილიტო გამოსახლების პოლიტიკა
ხელისუფლების, კერძო იპოთეკარის
„აქ მევახშე ასახლებს 3 თვის ბავშვს“
ბინის მფლობელსა და კერძო იპოთეკარს შორის შედგა შეთანხმება.
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი კორპუსის პირველი სართულიდან ოჯახის გამოსასახლებლად აღსრულების პოლიცია 2022 წლის 17 ივნისს დილით გამოჩნდა. ოჯახს სამი თვის ბავშვი ჰყავდა.
ოჯახის წევრი მედიასთან ამბობდნენ, რომ სესხი „საქართველოს ბანკიდან“ 2008 წელს აიღეს, 2013 წლამდე იხდიდნენ თანხას, თუმცა მოგვიანებით ბანკის თანამშრომელმა ურჩია, კერძო მევახშესთან გაეგრძელებინათ თანამშრმლობა. პრობლემები მევახშესთან საქმის დაჭერის შემდეგ დაიწყო – სწორედ მისი მოთხოვნით გაუყიდეს ბინა 2018 წელს.
ბინის მფლობელი მარინა ხატიაშვილი ამბობდა, რომ „10-წლიან $20 000-ის სესხში 5 წელიწადში გადაიხადეს $43 000. კერძო იპოთეკარებისთვის კი მთლიანობაში გადახდილი აქვთ $80 000“.
ამ დროს კორპუსთან სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და ოჯახის ახლობლები იყვნენ შეკრებილი – ისინი ეწინააღმდეგებოდნენ გამოსახლების პროცესს. გადაკეტილი იყო საავტომობილო მოძრაობა. ოჯახის მოთხოვნა იყო, მათთვის მიეცათ დრო.
გამოსახლების პროცესის შესაფერხებლად სადარბაზოში შესასვლელი რკინის კარი ოჯახმა და მისმა მხარდამჭერებმა ჩაკეტეს. კეკელიძის #1-ში დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აღსრულების პოლიციამ რკინის საჭრელი სპეციალური მოწყობილობა მიიტანა და კარის გაჭრის დაწყებას ცდილობდა.
იმ დღეს აღსრულების სამსახურმა გამოსახლების პროცესი გადადო. ეს უკვე გადავადების მეორე ეტაპი იყო (კანონმდებლობით გადავადება მხოლოდ ორჯერ არის შესაძლებელი). 2023 წლის 23 იანვარს, როცა აღსრულების პოლიცია კიდევ ერთხელ უნდა მისულიყო კეკელიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი ბინის კარი შიგნიდან შეადუღეს – ოჯახი ასე ცდილობდა ხელი შეეშალა პროცესისთვის. მალევე ცნობილი გახდა, რომ აღსრულების პროცესი გადაიდო, ოფიციალურ მიზეზად „თანამშრომლების ტრენინგი“ დასახელდა.
ზუსტად ერთი წლისთავზე, 2024 წლის 23 იანვარს, თბილისის ცენტრში აღსრულების პოლიცია ისევ გამოჩნდა, ამჯერად საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად. სადარბაზოს შესასვლელში შეკრებილები იყვნენ მოქალაქეები და ცდილობდნენ მათთვის ხელი შეეშალათ.
რკინის კარი ისევ შეადუღეს, ბინის ფანჯრებიდან კი აქტივისტები პოლიციელებს ცივ წყალს ასხამდნენ. მედიასაშუალება „მაუწყებლის“ ჟურნალისტი, რომელიც საკუთარი ავტომობილის სახურავზე იდგა და ასე აშუქებდა მოვლენებს, პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩამოიყვანა. ამ დროს აქციის მონაწილეები ყვიროდნენ: „მონა“; „წადი“.
აღსრულების სამსახურის პრესსამსახურმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ წინა დღით ბოლო კომუნიკაცია შედგა კრედიტორსა და მოვალეს შორის, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა – მოვალემ უარი თქვა ალტერნატიულ ფართზე, ხოლო თანხის ნაწილი მიუღებელი კრედიტორისთვის აღმოჩნდა.
აღსრულების ბიუროს თანამშრომლები ბინაში შესვლას ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდნენ. მათ გაჭრეს სადარბაზოსა და ბინაში შესასვლელი კარები, რომლებიც შედუღებული ჰქონდა ოჯახს. ბინაში შესვლაში მათ დაეხმარა საპატრულო პოლიცია და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები თავიანთი ტექნიკითურთ. ბინიდან დაიწყეს ნივთების გამოტანა და სადარბაზოში დაწყობა.
იმ დღეს იქ პოლიციამ 20 ადამიანი დააკავა, მათ შორის, აქტივისტები კაკო ჩიქობავა და გიორგი ხასაია სისხლის სამრთლის წესით (ეს ბრალი მათ აღსრულების პოლიციის ავტომობილის დაზიანებისთვის წაუყენეს). ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს შორის კი იყო „მთის ამბების“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი.
ბინიდან ნივთების გამოტანისა და მარინა ხატიაშვილის გამოსახლებიდან ორ დღეში ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგა. ხატიაშვილს ერთი თვის ვადაში უნდა გადაეხადა 90 000 აშშ დოლარი და მას დაუბრუნებდნენ ბინას.