2002 წლის 12 ნოემბერს სახელმწიფო კანცელარიასთან საქართველოს სამბოს ნაკრების წევრთა აქცია გამართა. ნაკრების 40-მდე წევრი პანამაში 23-30 ნოემბერს დაგეგმილ მსოფლიოს 26-ე ჩემპიონატზე ნაკრების გასამგზავრებლად ხელისუფლებისაგან 6800 აშშ დოლარს მოითხოვდა. როგორც “ინტერ-პრესს” ნაკრების უფროსმა მწვრთნელმა ოლეგ იაძემ განუცხადა, ეს თანხა მოიცავს მხოლოდ რვა სპორტსმენისა და მწვრთნელის გაშვების ხარჯებს. უსახსრობის გამო ნაკრების წევრებთან ერთად ჩემპიონატზე არც ექიმი და არც ნაკრების სხვა მომსახურე პერსონალი არ გაემგზავრება.
“სპორტის დეპარტამენტმა, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. უსახსრობის გამო პანამაში ოთხი ისეთი სახელოვანი სპორტსმენი ვერ მიგვყავს, როგორებიცაა მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი მამუკა კურდღელაშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ბადრი ჯანიაშვილი, ევროპის ჩემპიონი ნიკოლოზ ბიბილაშვილი, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდებში მირიან პავლიაშვილი”, – აღნიშნა იაძემ. აქციის მონაწილეები დაზმირ ჯოჯუასთან შეხვედრას ელიან, რომელიც სახელმწიფო კანცელარიაში სპორტის განყოფილებას კურირებს.
საბოლოოდ, ფინანსური პრობლემები მოგვარდა და ნაკრები პანამაში 8 სპორტსმენით და ერთი მწვრთნელით გაემგზავრა.