თბილისში, 2011 წლის 25 თებერვალს, მიკროავტობუსის მძღოლების გაიფიცვა დაიწყო. ისინი დედაქალაქის მერიის მიერ სატრანსპორტო გადამზიდავი კომპანიების გამოსავლენად რამდენიმე კვირით ადრე ჩატარებული ტენდერის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიები მძღოლებისთვის ყოველდღიური გადასახადის 5 ლარიდან 20 ლარამდე გაზრდას აპირებდნენ. ამ ინფორმაციას არ ადასტურებდნენ კომპანიები და თბილისის მერია.
სამარშრუტო ტაქსების გაფიცვამ ქალაქში მგზავრთა გადაყვანის შეფერხება გამოიწვია. ამ ვითარების გამოსასწორებლად თბილისის მერიამ დამატებითი ავტობუსები დანიშნა.
გაფიცვის პირველ დღესვე გაირკვა, რომ მძღოლებში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები გადასახადის 4-ჯერ და უფრო მეტად გაზრდას აპირებდნენ, არასწორი აღმოჩნდა. გაფიცულ მძღოლებს შეხვდა თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, რომელიც ყველას სამუშაო ადგილისა და გადასახადების არსებული დონის შენარჩუნებას დაჰპირდა. ამის შემდეგ, 26 თებერვალს, მძღოლების ნაწილმა მუშაობა განაახლა.
თუმცა მძღოლების დიდი ნაწილი კვლავაც გაფიცული რჩებოდა, ხოლო ერთ-ერთს, ვინც სოლიდარობის პრინციპი დაარღვია, 25 თებერვალს გაფიცულმა მძღოლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მძღოლთა საპროტესტო მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, კონსერვატიული პარტიის წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის ინფორმაციით, პოლიციამ ამ ინციდენტის მონაწილეები დააკავა. ათ მათგანს სასამართლომ 30 დღიანი, ხუთს კი, ერთკვირიანი პატიმრობა შეუფარდა.
მძღოლები 28 თებერვალსაც შეიკრიბნენ იმავე მოთხოვნით. თუმცა, თბილისის მერიისა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენელთა განმარტებების შემდეგ, საპროტესტო აქცია შეწყდა.