2001 წლის 30 ოქტომბერს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ის ოფისში სახელმწიფო უშიშროების წარმომადგენლები შეიჭრნენ. ტელეკომპანიის წინააღმდეგ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძრეს და ფინანსური დოკუმენტაცია მოსთხოვეს, რაც ამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ პოლიტიკურ ზეწოლად შეაფასა და სამართალდამცავებს არ დაემორჩილა. სიტყვის თავისუფლების დასაცავად და რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად არხის ოფისის წინ დაწყებული აქცია, მომდევნო დღეს კანცელარიის შენობის წინ გაგრძელდა, რის შემდეგაც პროტესტმა პარლამენტის წინ გადაინაცვლა.
სტუდენტები, მასმედია, არასამთავრობო სექტორი, პარლამენტარები და რიგითი მოქალაქეები მინისტრის კახა თარგამაძისა და გენერალური პროკურორის გია მეფარიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ. ამ მოთხოვნას უერთდებოდნენ პარლამენტის წევრთა დიდი ნაწილი. “მე მზად ვარ გადავდგე თუ შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე გადადგება”, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.
პრეზიდენტი შევარდნაძე მოსახლეობას ამშვიდებდა და აცხადებდა, რომ სიტყვის თავისუფლებას საქართველოში საფრთხე არ ემუქრება.
პროტესტის შედეგად, 1 ნოემბერს თანამდებობიდან გადადგა ოთხი მაღალი თანამდებობის პირი: უშიშროების მინისტრი ვახტანგ ქუთათელაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე, გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია.