2022 წლის 24 ივლისი – 14 აგვისტო
რეგიონი
გარემო
მოსახლეობას ქარხნის გამონაბოლქვი აწუხებდა.
აქცია
ქუთაისის მოსახლეობა
საწარმოო პროცესის შეჩერებას და საკვამურზე ფილტრების დაყენება
შპს „ამბიკონ სტილსი”
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქარხანას წარმოების უფლება შეუჩერა
„ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს“, „ეკოლოგია უალტერნატივოა“, „ღირსეული შრომისთვის“ – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით 2022 წლის 24 ივლისს გამართა აქცია ქუთაისში, ნიკეას, სულხან-საბა ორბელიანის და თაბუკაშვილის ქუჩების მცხოვრებთა ნაწილმა მეტალურგიულ ქარხნასთან (ქარხანას, რომელიც ჯართს აწარმოებს, წარმოადგენს შპს „ამბიკონ სტილსი”). ისინი საწარმოო პროცესის შეჩერებას და საკვამურზე ფილტრების დაყენებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეებს ეკეთათ პირბადეები წარწერით „გავიგუდეთ!“
ქარხანასთან გამართული აქციის მონაწილეთა თქმით, საწარმოს საკვამურიდან ამოსული შავი ბოლი გაუსაძლის პირობებს უქმნიდათ, ჰაერის დაბინძურებაზე კი მეტყველებდა საშინელი სუნი, რომელიც ღამის საათებში განსაკუთრებით მატულობდა.
აქციის მონაწილეები, სანამ ქუჩაში გამოვიდოდნენ, აქტიურად ავრცელებდნენ სოციალურ ქსელებში დაკვამლიანების ფოტოებსა და ვიდეოებს. კადრებში ჩანდა ქარხნის გარე პარიმეტრზე არსებული მდგომარეობა, ასევე, მის შიგნით მიმდინარე სამუშაო პროცესი. აქციის მონაწილეების თქმით, მათ ამ ვიზუალურ მასალას ქარხანაში დასაქმებული ადამიანები აწვდიდნენ. მოსახლეობამ გარემოს დაცვის ინსპექციასაც მიმართა.
28 ივლისს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქუთაისში, შპს „ამბიკონ სტილსს“ (ქუთაისის მეტალურგიულ ქარხანას) მეტალურგიული წარმოების უფლება შეუჩერა.
2022 წლის ივლისში, გამონაბოლქვისა და აუტანელი სუნის გამო, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ხელმოწერები შეაგროვა და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას გაუგზავნა ქარხანაში საწარმოო პროცესის სრულად შეჩერების მოთხოვნით. თუმცა ქარხანამ მუშაობა ორ თვეში გააგრძელა.
ქუთაისელები 23 ოქტომბერს კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. ამ აქციის საპასუხოდ, ქარხნის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ფრიდონ კვინიკაძე აცხადებდა, რომ საწარმომ მეტალურგიული წარმოება საქმიანობის ტექნოლოგიურ ციკლთან შესაბამისობაში აღადგინა და იყენებდა სათანადოდ გამართულ აირმტვერდამჭერ მოწყობილობას.
მოქალაქეები კი ითხოვდნენ, რომ მეტალურგიული ქარხანა დასახლებული ადგილიდან მოშორებით უნდა გადაიტანონ, რადგან წარმოების შეჩერება არასაკმარისი ღონისძიება იყო – ამით პრობლემა ვერ მოგვარდებოდა და ქარხანა ვერ დაამონტააჟებდა ისეთ ფილტრს, რომელიც ჯართის გადამუშავებით მიღებულ გამონაბოლქვს უსაფრთხოდ გადააქცევდა.
2023 წლის ივნისში ქარხანას წარმოების უფლება შეუწყდა შრომის ინსპექციის, ასევე, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აქტების საფუძველზე. ამის გამო შრომითი ხელშეკრულებები შეუწყვიტეს თანამშრომლებს და ხელფასი არ ჩაურიცხეს მათ. ამის შემდეგ უკვე ქარხანაში დასაქმებულები მართავდნენ აქციას.
მოსახლეობამ ფეისბუქზე შექმნა ჯგუფი ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა გვკლავს; და იქ წერდნენ, რომ ქარხანა ღამით მაინც მუშაობდა და ქალაქში კვლავ საშინელი სუნი ვრცელდებოდა. შესაბამისად, გრძელდებოდა მათი ბრძოლა – გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის გამოძახება და სხვა. საბოლოოდ, 2023 წლის 11 აგვისტოს ამ უწყებამ განაცხადა, რომ, გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება ჩამოერთვა.