2018 წლის 9 ნოემბრიდან 2019 წლის 29 იანვრამდე
რეგიონი
გარემო
აქცია
ბათუმში ახალი ტერმინალის მშენებლობა იგეგმებოდა
მოქალაქეები
პროექტის შეჩერება
აჭარის მთავრობა
“არა ქიმიურ ტერმინალს” “ნუ დანაღმავ ბათუმს” “დაიცავი ბათუმი”.
პროექტი განხორციელდა
2018 წლის 14 დეკემბერს, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან აქცია გაიმართა. მოქალაქეების ჯგუფმა ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მშენებლობა გააპროტესტა, სადაც, აქციის მონაწილეების თქმით, ქიმიური ნივთიერებების გადატანა იგეგმებოდა.
„გამაფრთხილებელი აქცია“ – ასე უწოდეს თავად აქციის მონაწილეებმა შეკრებას, რომელზეც პირბადეებითა და ყვითელი ჟილეტებით მივიდნენ და მთავრობას მოუწოდეს, მოუსმინონ და გაითვალისწინონ მათი მოსაზრება.
ახალ ტერმინალს ბათუმის საზღვაო ნავსადგური და საერთაშორისო ლოჯისტიკური კომპანია Wondernet Exspress-ი საქართველოს მთავრობასა და საქართველოს რკინიგზასთან შეთანხმებით აშენებდა. ტერმინალი ცენტრალური აზიიდან მინერალური სასუქების ტრანზიტისთვის მზადდებოდა. ამიტომ პროექტი ითვალისწინებდა სატრანზიტო ტერმინალისა და სასაწყობე ობიექტების მშენებლობას მინერალური სასუქების მისაღებად, შესანახად და გადასატვირთად.
პროტესტთან დაკავშირებით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება გაავრცელა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, „ეს პროცესი იქნება შესაბამისობაში როგორც საერთაშორისო სტანდარტებთან, ასევე, ყველა ეკოლოგიურ მოთხოვნასთან“.
მხარეებს შორის ხელშეკრულება ტერმინალის ასაშენებლად 14 იანვარს სასტუმრო “ჰილტონში” ერთი კაცის პროტესტის ფონზე გაფორმდა. “ეს პროექტი დანიშნულებას უკარგავს ჩვენს ქალაქს და ნუ გავრისკავთ“, – განაცხადა ვალერიან მებუნიშვილმა, რომელიც სასტუმროში დროშით ხელში მივიდა.
“ქიმიური შეტევა ბათუმზე” – ამ სახელწოდებით მოქალაქეებმა სოციალურ ქსელში კამპანია დაწყეს, რადგან მიაჩნდათ, რომ ახალი ტერმინალით ჯანმრთელობისთვის საშიში ქიმიური ნივთიერებების გადაზიდვა იგეგმებოდა. საქართველოს ხელისუფლება ამ ინფორმაციას არც ადასტურებდა და არც უარყოფდა, პორტის ადმინისტრაცია კი აცხადებდა, რომ ეს ტყუილია და ტერმინალით ორგანული მინერალური სასუქის – კარბამიდის გადაზიდვა იგეგმება.
“ისეთი სტატიები გამოვიდა, რომ ლამის ნატო-ს ტერმინალი შენდება და მალე წყალქვეშა ნავების მოწყობასაც დაგვაბრალებენ… მარტო ბიზნესის კუთხით რომ შევხედოთ, დავხარჯეთ 100 მილიონი იმიტომ, რომ ვიჯდეთ ბომბზე?“ – უთხრა “ბათუმელებს” Wondernet Exspress-ის დირექტორმა გიორგი ზარიძემ.
19 იანვარს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, კითხვებზე პასუხის გაცემის დროს, “ქართული ოცნების” ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა კარბამიდი შეჭამა. როგორც მან აღნიშნა, ამ ჟესტით მოსახლეობისთვის იმის დამტკიცება სურდა, რომ სასუქი მომწამლავი არ არის და ტერმინალის წინააღმდეგ მიმართული კამპანია შეკვეთილია.
კომპანიის არ სჯეროდათ არც იმ მოქალაქეების გულწრფელი პროტესტის, რომლებიც 20 იანვარს ბათუმში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ – აქციაზე აირწინაღებით და ტრანსპარანტებით მივიდნენ: “არა ქიმიურ ტერმინალს”; “ნუ დანაღმავ ბათუმს”; “დაიცავი ბათუმი”.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 23 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმადაც ბათუმის #7 ნავმისადგომის ტერიტორიაზე გრანულირებული კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი მოეწყობა და ექსპლუატაციაში შევა გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე.
29 იანვარს აქტივისტებმა კიდევ ერთი აქცია გამართეს პროექტის შეჩერების მოთხოვნით. თუმცა ახალი ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ ორიოდე თვეში – 2019 წლის 12 მარტს – მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა. ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ განაცხადა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული დოკუმენტების შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, აშენდეს ტერმინალი. შესაბამისად, დამატებით მშენებლობისთვის გარემოზე ზემოქმედების შეფასება აღარ ჩატარდებოდა.
2021 წლის 11 ივნისს ტერმინალი გაიხსნა. ამის შემდეგ მედიაში მას მინერალური სასუქების გადამზიდ ტერმინალად მოიხსენიებენ, პროტესტის დასაწყისში კი მას აქტივისტები და მედიის ნაწილი მოიხსენიებდნენ, როგორც “ქიმიურ ტერმინალს”.