2000 წლის 8 აგვისტოს ასათიანის ქუჩაზე მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს პერსონალის გაფიცვა დაიწყო. ისინი სამი თვის გაუცემელ ხელფასებს ითხოვდნენ. გაფიცულთა დიდი ნაწილი აცხადებდა, რომ უფულობის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში სახლებში ვერ ახერხებდნენ წასვლას და ამიტომ საავადმყოფოში რჩებოდნენ.
მათი თქმით, ავადმყოფებს არ აქვთ საკვები, აუცილებელი დამამშვიდებელი მედიკამენტები, რის გამოც ისინი საკმაოდ აღგზნებულები არიან და რამდენიმე მათგანმა მომვლელებსა და ექიმებს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა.
იმ დროისთვის საავადმყოფოში 271 ავადმყოფი იყო. ერთი მათგანის მოვლა დღეში 6 ლარი ჯდებოდა, მაგრამ როგორც საავადმყოფოს ხელმძღვანელობა აცხადებდა, ამის ნახევარსაც ვერ იღებდნენ სახელმწიფოსგან და მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარების იმედად იყვნენ, ბოლოს კი ესეც შეწყდა.