2001 წლის ნოემბერში ოთხი სასულიერო პირი გაიტაცეს პანკისის ხეობაში. მოგვიანებით სამი მათგანი გამოუშვეს. მეოთხე ბერი, მამა ბასილი მაჩიტაძე კი, კვლავ დაკავებული ჰყავდათ. მის სანაცვლოდ ერთ მილიონ აშშ დოლარს ითხოვდნენ. 2002 წლის 5 იანვარს ბერის ახლობლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. 7 იანვარს მათ “ავღანელთა კავშირის” წევრებიც შეუერთდნენ. გატაცებული ბერის ნათესავები აცხადებდნენ, რომ მათ გამტაცებელთა ვინაობა უკვე შეატყობინეს პოლიციას, თუმცა სამართალდამცველები არაფერს აკეთებენ მათ დასაკავებლად. საპროტესტო აქციის მონაწილენი მძევლების გათავისუფლებას, ხეობაში კრიმინოგენური ვითარების გამოსწორებასა და საგუშაგოების ხეობის სიღრმეში გადატანას მოითხოვენ. აქციას მოგვიანებით ადგილობრივი მოსახლეობა და ახმეტის რაიონის საკრებულოს ხელმძღვანელობა შეუერთდა.
14 იანვარს შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების სამინისტროებმა განცხადება გაავრცელეს იმის შესახებ, რომ სამართალდამცველები იწყებენ “ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გატარებას ხეობაში მყოფი მძევლების გასათავისუფლებლად, ცეცხლსასროლი იარაღის ამოსაღებად და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად”.
30 იანვარს დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარემ ავთანდილ იოსელიანმა თქვა, რომ იცოდნენ გამტაცებელთა ვინაობა და მალე გამოიხსნიდნენ ტყვეებს. თუმცა ეს ვერ მოახერხეს. მას შემდეგ კიდევ არაერთი ადამიანი გაიტაცეს. მათ შორის: 4 პოლიციელი, ბრიტანეთის მოქალაქე, “აგრობიზნესბანკის” დამფუძნებელი, პიტერ შოუ, ფეხბურთელ კახა კალაძის ძმა ლევან კალაძე, გარდაბნის რაიონის მაცხოვრებელი აზიზ ხალილოვი. ეს უკანასკნელი 15 მარტს იპოვეს, პიტერ შოუ 2002 წლის 6 ნოემბერს გაათავისუფლეს. მიუხედავად იმისა, რომ ბერის კვალს ვერ მიაგნეს, ხოლო ლევან კალაძის გვამს მხოლოდ 2006 წლის 7 იანვარს მიაგნეს, შსს მინისტრმა, კობა ნარჩემაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პანკისში სიტუაცია სტაბილურია.