2021 წლის 17 თებერვლიდან 21 აპრილამდე
თბილისი და რეგიონი
პოლიტიკა
აქცია, ადგილის დაკავება
ნიკა მელიას დაკავებას
ახალგაზრდზები და ოპოზიციონერი ლიდერები ნიკა მელიას გათავისუფლება
მთავრობა
FOX (მელიის ნახატით), სტაფილოსფერი მაისურები, სტაფილოსფერი კვამლი
ნიკა მელია გაათავისუფლეს
ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა (ნიკანორ) მელიას პროკურატურამ 2019 წლის 25 ივნისს ბრალი წარუდგინა 2019 წლის 20-21 ივნისს („გავრილოვის ღამეს“) პარლამენტთან მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციაზე „ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის“. პროკურატურის ბრალდებით, მან პარლამენტში შეჭრა სცადა. ნიკა მელიამ 27 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 30 000-ლარიანი გირაო და ელექტრონული მონიტორინგი დაუწესა.
ის ამ სამაჯურს ატარებდა 2020 წლის 1-ელ ნოემბრამდე, სანამ რუსთაველის გამზრიზე საპარლამენტო არჩევნების საწინააღმდეგო აქციაზე დემონსტრაციულად არ მოიხსნა და არ გადააგდო ხალხში. პროკურატურამ ამ მიზეზით სასამართლოს მიმართა აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად – 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდების მოთხოვნით. სასამართლომ მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და 40 000 ლარი შეუფარდა და გადასახადელად 50 დღე მისცა. თუმცა, ნიკა მელიამ არც ამ და არც პროკურატურის მიერ დამატებით მიცემულ ერთკვირიან ვადაში თანხა არ გადაიხადა. პროკურატურამ კი კიდევ ერთხელ მოითხოვა აღკვეთის ღონისძიების (გირაოს პატიმრობით) შეცვლა, რაც 2021 წლის 17 თებერვალს სასამართლომ კიდევ ერთხელ დააკმაყოფილა.
საკითხის განხილვა სასამართლოში 16:00 საათზე დაიწყო. პარლამენტთან აქტივისტებმა მიიტანეს მავთულხლართიც, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების” წევრების სურათები ჩამოჰკიდეს და ასე გააპროტესტეს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნა.
პარალელურად „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს. პარტიის ოფისში მივიდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ასევე, მათი მხარდამჭერები. პოლიცია ნიკა მელიას დასაკავებლად 18 თებერვალს დილით გამოჩნდა. ისინი შენობაში არ შეუშვეს. მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავება გადადო, მიზეზი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა იყო. მან თანამდებობის დატოვების დროს თქვა, რომ მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მმართველ გუნდთან შეთანხმებას ვერ მიაღწია.
პრემიერის თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა, რომელიც წლების წინაც იკავებდა იმავე თანამდებობას. ღარიბაშვილმა მელიაზე საუბრის დროს თქვა, რომ კანონი უნდა აღსრულდეს. მის წარდგენას საზოგადოების უკმაყოფილემა მოჰყვა. 19 თებერვალს პარლამენტის შენობის წინ კარვების გაშლა სცადეს, რა დროსაც სამართალდამცავებმა 20 პირი დააკავეს.
ნიკა მელია, სხვა პოლიტიკოსები და მისი მხარდამჭერები პარტიის ოფისში 22 თებერვალს შეიკრიბნენ, როცა პარლამენტმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობით მთავრობას ნდობა გამოუცხადა. პოლიცია პარტიის ოფისთან მეორე დილით, 23 თებერვალს 07:30 საათზე გამოჩნდა, გადაიკეტა კახეთის გზატკეცილი, სადაც ოფისი მდებარეობდა. პოლიციამ სრულად დაიკავა პარტიის ეზო.
პოლიციამ შენობაში შესაღწევად გამოიყენა სპეციალური საშუალებები – ამწეთი ავიდნენ შენობის სახურავზე, გაჭრეს კარი და შენობაში ასე შეაღწიეს (სამედიცინო დახმარება 17 ადამიანს დასჭირდა). შენობიდან გამოიყვანეს აქტივისტები და ჟურნალისტები. ნიკა მელია, მხარდამჭერების წინააღმდეგობის მიუხედავად, პოლიციამ დაახლოებით 10:00 საათზე დააკავა. იმ დღეს იქ დააკავეს 21 ადამიანი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიორგი ბარამიძე. მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა, ირაკლი ღარიბაშვილმა კი მადლობა გადაუხადა პოლიციას.
პოლიტიკური კრიზისი, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა, ნიკა მელიას დაკავებამ კიდევ უფრო გაამწვავა.
პარტიის წევრებმა იმ დღეს პარლამენტთან კარვების გაშალეს (აქცია გაიმართა ბათუმშიც) და მომდევნო აქცია 26 თებერვალს დააანონსეს. ამ დღეს გაჟღერდა გეგმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყების პიკეტირების შესახებ. აქციები იმართებოდა თბილისის საქალაქო სასამრთლოსთან (მელიას პროცესების პარალელურად) და რუსთავის ციხესთან. ახალგაზრდებს სტაფილოსფერი დროშები და შარფები ჰქონდათ, რაზეც FOX (მელია) ეწერა.
პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად საქართველოში ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონი ჩამოვიდა. უკვე აპრილში საქართველოს ეწვია ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომლის ჩართულობითაც გაფორმდა 19 აპრილის შეთანხმება. ამ შეთანხმების ერთ-ერთი პირობა იყო ამნისტიის კანონის მიღება, რომლის თანახმადაც, პასუხისგებაში აღარ მისცემდნენ 2019 წლის 19-20 ივნისს თბილისში მომხდარ ძალადობაში მონაწილე პირებს, მათ შორის იყო ნიკა მელიაც. ერთ-ერთი ბოლო აქცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად 21 აპრილს გაიმართა რუსთავის ციხესთან.ამნისტიის კანონის მიღებამდე, 8 მაისს, ნიკა მელიასთვის შეფარდებული 40.000-ლარიანი გირაო „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ (European Endowment for Democracy) გამოყო და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გადაიხადა, ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიება შეუცვალა და საპატიმრო 2021 წლის 10 მაისს დატოვა.