ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, 2018 წლის 8 მარტს ტრანსგენდერი ქალების უფლებების დასაცავად თბილისის იუსტიციის სახლთან ტრანსგენდერმა ქალებმა, უფლებადამცველებმა და მხარდამჭერებმა აქცია გამართეს. მათი მოთხოვნა იყო, სახელმწიფოს ეღიარებინა ტრანსგენდერი ქალები და მათთვის პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში სქესის შეცვლის უფლება მიეცა.
აქციის მონაწილეებმა მიიტანეს პლაკატად დაბეჭდილი პირადობის მოწმობა, სადაც ტრანსგენდერ ქალს, მირანდა ფაღავას სქესში ეწერა მმ (მამრობითი). აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ პირადობის მოწმობაში მათი იდენტობისგან განსხვავებული სქესის მითითება მათ უფლებებს არღვევდა.
აქციის მონაწილეთა თქმით, ღარიბ ქვეყანაში, სადაც ისედაც ნაკლები სამუშაო ადგილებია, ეს ადამიანები დამატებით ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი.
ამ დღეს ასევე გაიმართა ჰომოფობიური ჯგუფის კონტრაქცია – იუსტიციის სახლთან „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ წარმომადგენელი გურამ ფალავანდიშვილი გამოჩნდა. მას ეჭირა ხელში წარწერა „აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა“. მოგვიანებით ფალავანდიშვილი პოლიციამ დააკავა.