2023 წლის 23 დეკემბერს თბილისში რუსთაველის გამზირზე მოძრაობა “ხმამ” მარში მოაწყო. “საჯარო სკოლის 600,000 მოსწავლიდან ნახევარზე მეტს შია სკოლაშიც და სახლშიც”, – წერდნენ ორგანიზატორები აქციის ანონსში და სკოლაში უფასო კვების მოთხოვნით ხალხს შეკრებისკენ მოუწოდებდნენ.
ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის დოკუმენტის მიხედვით, კვების ობიექტები ძირითადად საჯარო სკოლების მხოლოდ 30%-შია, მათი უმეტესობა თბილისსა და სხვა ურბანულ დასახლებებშია. სოფლად კი, სკოლების დაახლოებით 90%-ს ბუფეტი საერთოდ არ ჰქონდა. 2023 წლის ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში ცალკე ქვეთავი დაეთმო საგაკვეთილო პროცესის დროს კვებას. ამ მონაცემების მიხედვით, სასკოლო საათების განმავლობაში „ყოველდღიურად იკვებება ბავშვების ერთ მეოთხედზე ოდნავ მეტი (27%), ხოლო არასდროს იკვებება ბავშვების 35%”. იმ ბავშვებში კი, ვინც მატერიალურად შეჭირვებული და სოციალური დანაკლისის მქონე ოჯახებიდან მოდიან, არჭამის შემთხვევები კიდევ უფრო ხშირია (45%).
“უფასო საკვები სკოლებს” – გაშალეს ბანერი პირველი სკოლის წინ ილიასა და აკაკის ძეგლთან შეკრებილებმა 23 დეკემბერს. “‘ჩვენი კლასი მშიერია”; “პური და სამართალი ყოველ დღე გვჭირდება”; ”აქ ბავშვებს შიათ”, – ეჭირათ ტრანსპარანტები შეკრებილებს. მოძრაობა “ხმის” წევრების გარდა, დემონსტრანტებს სიტყვით მიმართეს სკოლის მოსწავლეებმაც. აქციას შეუერთდნენ ჭიათურელი მაღაროელები, მოძრაობა “რიონის ხეობის მცველები” და თეატრის მსახიობები.
მოძრაობა “ხმამ” აქციამდე წარადგინა ხედვა, თუ როგორ უნდა დანერგილიყო 2024 წლიდან უფასო სასკოლო კვება.
სასკოლო კვებაზე იმ პერიოდში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც საუბრობდნენ და ითხოვდნენ პრობლემის მოგვარებას. ხელისუფლება ჯერ კიდევ 2021 წელს ამბობდა, რომ ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა კონკრეტული პროექტი და თარიღი, თუ როდის ექნებათ ბავშვებს ეს შესაძლებლობა უცნობი რჩებოდა.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვრმა 2023 წლის ნოემბერში თქვა, რომ სკოლაში ბავშვთა უფასო კვების დაწყებამდე მოსაგვარებელი იყო ბუფეტების პრობლემა, რასაც 2-3 წელი დასჭირდებოდა. მისივე განცხადებით, ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების შემდგომი ეტაპი იყო “გარკვეული მოდელების ჩაშვება იმ კატეგორიისთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება”. თუმცა 2024 წელს სასკოლო კვების მიმართულებით არაფერი შეცვლილა.