EN

გავიგუდეთ

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 3 ნოემბრიდან 2021 წლის 2 მარტამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

გარემო

პროტესტის ფორმა

აქცია, მარში

პროტესტის მიზეზი

რუსთავში დაბინძურებული ჰაერი

ლიდერები/ორგანიზატორი

მოძრაობა “გავიგუდეთ”

მთავარი მოთხოვნა

გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის მიღება

პროტესტის ადრესატი

საქართველოს პარლამენტი

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

„საშიში ზონა“, „ფრთხილად! ცუდი ჰაერია“, „ეკოლოგია უალტერნატივოა“

პროტესტის შედეგი

პარლამენტმა კანონი მიიღო

“გავიგუდეთ” – ასე დაარქვეს სამოქალაქო მოძრაობას რუსთაველმა ახალგაზრდებმა 2018 წელს და ქალაქში მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის მოხალისეობრივი მუშაობა დაიწყეს.

ერთ-ერთი პირველი საპროტესტო აქცია, რომლითაც მედიის ყურადღება მიიპყრეს, 2019 წლის 3 ნოემბერს გამართეს.  რუსთავის თვითმმართველობის შენობის წინ, თავისუფლების მოედანზე, მოძრაობის წევრები აირწინაღებით მივიდნენ და ხელში რუსთავის ქარხნის გამონაბოლქვის ფოტოები ეჭირათ წარწერით #გავიგუდეთ. 

რუსთავის თვითმმართველობის შენობის წინ შეკრებილ 150-მდე მონაწილეს სიტყვით მიმართეს სამოქალაქო აქტივისტებმა, ექიმებმა, საწარმოთა ამჟამინდელმა და ყოფილმა თანამშრომლებმა. მათი თქმით,  რუსთავში ონკოლოგიური დაავადებების სიხშირე აღემატება სხვა ქალაქებში არსებულ მაჩვენებელს და ამის მთავარი მიზეზი საწარმოთა გამონაბოლქვია. 

აქციაზე ხელმოსაწერად გავრცელდა პეტიცია, რომლის მიხედვითაც რუსთაველები საწარმოებისგან მოითხოვდნენ: წარმოების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან მორგებას, ფილტრაციის სისტემის მოწესრიგებას, ქარხნებში მომუშავეთათვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნას. ასევე, პეტიციის ავტორებმა ქარხნებისგან მოითხოვეს 2 თვის ვადაში საწარმოო ნარჩენების მართვის კონკრეტული გეგმა და შემდეგ მისი განხორციელების დაწყებაც.

მოძრაობის ლიდერმა ნიკოლოზ მუსერიძემ აქციის ბოლოს საწარმოებს ულტიმატუმი წაუყენა და მოითხოვა 5 დღის ვადაში „კომუნიკაციაზე გამოსვლა და პეტიციაში ჩამოთვლილ მოთხოვნებზე პასუხის გაცემა“, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდებოდა და „უფრო რთულ ფორმებს” მიიღებდა. შემდეგ აქციის მონაწილეებმა ავტომანქანებით რუსთავის თავისუფლების მოედნიდან საწარმოებთან გადაინაცვლეს და საპროტესტო პლაკატები გააკრეს.

5 ნოემბერს, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ, შავი და ფერადი მეტალურგიის საწარმოთა წარმომადგენლები მიიწვია და განუცხადა, რომ თუ არ დააყენებდნენ ფილტრებს და არ შეწყვეტდნენ გარემოზე მავნე ზემოქმედებას, შეიძლებოდა, რუსთავის მერიას მოსახლეობისთვის სამედიცინო შემოწმება ჩაეტარებინა და, შედეგების მიხედვით, ფიზიკურ პირებს ეჩივლათ შემდეგ მათთვის.

2020 წლის ივნისში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგისტრაციაში მიიღო კანონ-პროექტი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“, რომელიც რუსთაველი ეკოაქტივისტების უშუალო ჩართულობით შემუშავდა. კანონ-პროექტს  შემოჰქონდა სრულიად ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის თანახმადაც, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებდა, ვალდებული იქნებოდა, გადაეხადა არა საჯარიმო თანხა, არამედ გაეტარებინა გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები. და ამ ღონისძიებებს გაატარებდა წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. შესაბამისად, მანამდელი რეგულაციებისგან განსხვავებით თანხა ბიუჯეტში კი არ შევიდოდა, არამედ ზიანის გამოსწორებას უნდა მოხმარებოდა. 

აქტივისტებს დაჰპირდნენ, რომ ამ ცვლილებებს 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე მიიღებდნენ, მაგრამ მიღება შემოდგომისთვის გადადეს. ამან ხალხის პროტესტი გამოიწვია. 

2020 წლის 13 ივლისს აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ  პროტესტის ნიშნად, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის კარზე ქაღალდზე დაწერილი „გავიგუდე“ გააკრა. სტიკერის გაკვრის გამო ტყემალაძე დააჯარიმეს.

14 ივლისს კი მოძრაობის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს რუსთავში, იმ დროს, როცა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა, საწარმო „ქართლი ტექსტილის“ მშენებლობის საზეიმოდ გახსნას ესწრებოდნენ.

მშენებლობის ადგილის მიმდებარედ მონაწილეებს მდუმარე აქციაზე გამოტანილი ჰქონდათ პლაკატები: „საშიში ზონა“; „ფრთხილად! ცუდი ჰაერია“; „ეკოლოგია უალტერნატივოა“.  

ხელისუფლება დაპირებულ და ორი მოსმენით გასულ საკანონდებლო ცვლილებებს ისევ არ იღებდა. ამიტომ რუსთაველებიც პროტესტს აგრძელებდნენ. ისინი 13 თებერვალს ქალაქის მთავარ მოედანზე შეიკრიბნენ და ხელისუფლებას დაემუქრნენ „უფრო ფართომასშტაბიანი“ აქციის მოწყობის, თუ პარლამენტი 4 მარტამდე არ მიიღებდა „გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ“ კანონს.

მოძრაობის წევრის, თინათინ მაღელდანის თქმით, რუსთავში ჰაერის ხარისხი „კატასტროფულად ცუდია, რასაც ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს: დაბინძურება მოდის რუსთავის საწარმოო ზონიდან, გასულ წელს ჰაერში 14 ათას ტონაზე მეტი მავნე მტვერი გაიფრქვა და წელიწადის 365 დღიდან 281 დღეს ძალიან ცუდ ან ცუდ ჰაერს ვსუნთქავდით”, – თქვა მან.

“გავიგუდეთ” მხოლოდ საპროტესტო აქციებით არ ცდილობდა საზოგადოების ყურადღების მიქცევას. 2020 წლიდან მათ ქარხნებში ტურების მოწყობა დაიწყეს –  საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფი ავტობუსით მიჰყავდათ საწარმოო ზონებში,  იქ აჩვენებდნენ, როგორ აბინძურებდნენ ქარხნები გარემოს და ასე უხსნიდნენ ტურის მონაწილეებს, თუ რისთვის იბრძოდნენ სინამდვილეში. 

კანონი, საბოლოოდ, 2021 წლის 2 მარტს მიიღეს, რის შემდეგაც რუსთაველი აქტივისტები მისი აღსრულებისთვის იბრძოდნენ.