EN

„დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“

left arrow

2019

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 1 – 2 აპრილი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

აქცია

პროტესტის მიზეზი

მშენებლობაზე ორი მუშა გარდაიცვალა

ორგანიზატორი

სოლიდარობის ქსელი

მთავარი მოთხოვნა

შრომის ინსპექცია შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი მიენიჭოს

პროტესტის ადრესატი

თბილისის მერი

ტრანსპარანტები

“სიკვდილით სავსე ქალაქი”, “არა ბიზნეს დიქტატურას”, “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”.

2019 წლის 1 აპრილს მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან შეიკრიბნენ. აქცია „დროა ვიბრძოლოთ, რომ აღარ ვიგლოვოთ!“ მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 31 მარტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე ორი მუშა დაიღუპა.

“გამოდით ყველა, ვისაც შეშფოთების აღარ გჯერათ. გამოდით იმისთვის, რომ ადამიანების წამება და სიკვდილი დასრულდეს! სახელმწიფომ ადამიანების ჯანმრთელობაზე მხოლოდ იმის გამო არ უნდა იზრუნოს, რომ ევროკავშირმა დაავალა. სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანი უნდა იყოს! ვითხოვთ შრომის ინსპექციას შრომითი უფლებების შემოწმების მანდატი დღესვე მიენიჭოს!”- ეწერა აქციის ანონსში.

“სოლიდარობის ქსელის” წევრები და მოქალაქეები მთავრობის კანცელარიასთან მივიდნენ ტრანსპარანტებით; “მშრომელთა სიცოცხლე საფრთხეშია”; “არა შრომით ექსპლუატაციას”; “სიკვდილით სავსე ქალაქი”. კედელზე გაჩნდა წარწერა “ბოდიში მუშა”.

აქციის მონაწილეებმა მოგვიანებით გადაინაცვლეს ჭავჭავაძის გამზირზე, სადაც შემთხვევა მოხდა. ისმოდა შეძახილები “სოლიდარობა მუშებს”.

აქციაზე პოლიცია და დემონსტრანტები ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 6 პირი დააკავეს, ექვსივე გვიან ღამით ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. დაკავებულებს შორის იყვნენ, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე და “თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი დავით სუბელიანი.

აქცია თბილისის მერის, კახა კალაძის სახლთან დასრულდა და შემდგომი ნაბიჯების დასაგეგმად და განსახორციელებლად მოძრაობის შექმნა დაანონსდა. “სოლიდარობის ქსელის” წარმომადგენლის განმარტებით, ისინი შეხვდებოდნენ ყველა დაინტერესებულ მხარეს და ჩაგრულ ჯგუფს. 

მეორე დღეს კახა კალაძე აქციას გამოეხმაურა და თქვა, რომ  მზად იყო, შეხვედროდა ახალგაზრდებს და მათთვის გაეცნო ის პროექტები, რომელიც თბილისის მერიამ შრომის უსაფრთხოების დაცვისა და რეგულაციების გამკაცრების მიმართულებით განახორციელა.

„როდესაც ვნახე კადრები, თუ ვინ იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა. ამ აქციას ახლდა პოლიტიკური შემადგენელი, რაც ძალიან სამწუხაროა და აღარ გავაგრძელებ, თუ ვინ დგას ამის უკან და ვინ მართავს ამ ჯგუფს“, – თქვა კახა კალაძემ.

თბილისის მერს განცხადებით უპასუხა “სოლიდარობის ქსელმა”. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აქციის ორგანიზატორები არ ყოფილან პოლიტიკოსები. “მართალია ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და ჯგუფმა სცადა არსებული პროტესტის საკუთარი პოპულისტური მიზნების განხორციელების პლატფორმად გამოყენება, თუმცა ჩვენ, “სოლიდარობის ქსელმა”, აღნიშნული არ დავუშვით და არც შემდგომში დავუშვებთ”, – ეწერა „სოლიდარობის ქსელის” განცხადებაში. 

Media

მსვლელობა პარლამენტიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ

მსვლელობა პარლამენტიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ

2019 წლის 1 აპრილი. ფოტო: ინტერპრესნუსი

წარწერა კედელზე

წარწერა კედელზე

ფოტო: ნეტგაზეთი