2009 წლის 12 ნოემბერს გორის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა საპროტესტო აქცია ჯერ სკოლასთან, შემდეგ კი გორში გაეროს სასურსათო პროგრამის ოფისთან მოაწყვეს და 9 დღის წინ რუსი სამხედროებისა და ოსური მილიციის მიერ დაკავებული 4 ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლება მოითხოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ნოემბერს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც აღნიშნა, რომ გორის რაიონის სოფელ ტირძნისის სკოლის მოსწავლეები – 14 წლის გიორგი რომელაშვილი, ასევე 14 წლის ალეკო საბაძე, 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური და 17 წლის ლევან ხმიადაშვილი სოფლის მიმდებარე ტერიტორიიდან 4 ნოემბერს, ნაშუადღევს დაიკარგნენ. დაკარგულები დაკავებულები რომ იყვნენ და ცხინვალში იმყოფებოდნენ, ეს სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის სამინისტრომ 5 ნოემბერს დაადასტურა, თუმცა დე ფაქტო ხელისუფლება მათი დაკავების ადგილად ცხინვალს ასახელებდა, სადაც მოზარდები თითქოსდა სოფელ ფრისის მხრიდან შევიდნენ. ამასთან, დე ფაქტო ხელისუფლებამ მოზარდების წინააღმდეგ აღძრა საქმე, საზღვრის უკანონო გადაკვეთისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გადატანის ბრალდებით.
დაკავებიდან 22 დღის შემდეგ, 26 ნოემბერს აქცია გამართეს ტირძნისელმა ბავშვებმაც – “თავისუფლება მოზარდებს!” “დაგვიბრუნეთ ჩვენი მეგობრები” “დაიცავით ბავშვების უფლებები” – ეწერათ ტრანსფარანტებზე. მათ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს და საერთაშორისო ორგანიზაციებს ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურება მოსთხოვეს.
გატაცებული მოზარდების სასწრაფო და უპირობო გათავისუფლებას ითხოვდა საქართველოს ხელისუფლებაც და საერთაშორისო თანამეგობრობას საგანგებო რეაგირებისკენ მოუწოდებდა.
ორი მოზარდი გიორგი რომელაშვილი და ალეკო ცაბაძე 2009 წლის 2 დეკემბერს გაათავისუფლეს ევროპის საბჭოს ადამიანი უფლებათა კომისრის თომას ჰამერბერგის შუამავლობით. იმავე დღეს თბილისმა სანაცვლოდ დაკავებული ხუთი ოსი პიროვნება გაათავისუფლა. 19 დეკემბერს გათავისუფლდნენ 17 წლის ლევან ხმიადაშვილი და 16 წლის ვიქტორ ბუჩუკური. მათთან ერთად გამოუშვეს გიორგი არჩევაძე, რომელიც ივლისში დაკავების დროს 15 წლის იყო, ის სეპარატისტი ლიდერის ედუარდ კოკოითის ”შეწყალების” აქტის საფუძველზე გათავისუფლდა.