2018 წლის 31 დეკემბრიდან დღემდე
რეგიონი
ურბანული
აქცია
ბათუმში მასშტაბური მაღალსართულიანი შენობების პროექტი იგეგმებოდა.
საზოგადოება “ბათომი”
შეჩერდეს “რივიერას” მშენებლობა
ბათუმის საკრებულო
„არა ჩაბეტონებას!“
შენობები ჯერ არ აშენებულა, მაგრამ არც პროექტი გაუქმებულა
კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ ბათუმში, ჭაჭის თაუერის გვერდით, ექვსი შენობის აშენებას გეგმავდა. მათგან ყველაზე მაღალი 130 მეტრი სიმაღლის 42-სართულიანი აპარტოტელი „სილქ თაუერი“ უნდა ყოფილიყო, რომელსაც 2012 წელს დაანონსებული „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ააშენებდნენ. გარდა ამისა კომპანია გეგმავდა სასტუმროს, ბინებისა და სავაჭრო ობიექტების მშენებლობას. პროექტი 2018 წლის 17 დეკემბერს ბათუმში წარადგინეს. პრეზენტაციას „რედისონში“ „სილქ როუდ ჯგუფის“ დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმღვანელი გიორგი რამიშვილიც ესწრებოდა. ამ ტერიტორიას “რივიერას” და ბათუმის კონცხს ეძახდნენ, ამიტომ ეწოდა პროექტს „ბათუმი რივიერა“.
საზოგადოება “ბათომმა” პროექტი დასაწყისიდანვე გააპროტესტა, რადგან სწორედ იმ დროს, როდესაც პროექტი იგეგმებოდა, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანებისა და რეგულირების დაცვის ზონების დამტკიცების პროცესი მიდიოდა. ეს ტერიტორია კი სადავო იყო. თუ ეს ადგილი ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში მოხვდებოდა, მაშინ მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა ქალაქმშენებლობითი პარამეტრები: სიმაღლე, სტრუქტურა და ა.შ., ანუ ის პირობები, რომლებიც გაწერილი უნდა ყოფილიყო გეგმარებით დავალებებში. „ბათომის“ თავმჯდომარემ ისიც თქვა, რომ ასეთი მასშტაბის სამშენებლო პროექტების შესახებ მხოლოდ საკრებულოს ვებგვერდსა და გაზეთ „აჭარაში“ განცხადების გამოქვეყნება საკმარისი არ არის. მან ბათუმის საკრებულოს სთხოვა, განხილვებში ჩაერთო დაინტერესებული ორგანიზაციები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო და, ზოგადად, მოსახლეობა.
2018 წლის 31 დეკემბერს ზუსტად 12 საათზე, ბათუმში, ევროპის მოედანზე, იქ, სადაც საახალწლო გალა-კონცერტი იმართებოდა, საზოგადოება „ბათომის“ წევრებმა და, ასევე, სხვა სამოქალაქო აქტივისტებმა გამართეს საპროტესტო აქცია – „არა ჩაბეტონებას!“.
„ბათუმი რივიერას“ მოწინაღმდეგეებს ორი ძირითადი არგუმენტი ჰქონდათ. ეს ტერიტორია ისტორიული ქალაქის ნაწილია და დაცვის ზონაში შედის, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დამცველები. მეორე არგუმენტად კი ეკოლოგიურ საფრთხეებს ასახელებდნენ. გაეროს დაფინანსებით, სახელმწიფოს მიერ 2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“. ეს არის ამონარიდი „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიიდან“..
„რივიერა ბათუმის“ მოწინააღმდეგეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართეს და გარემოზე ზემოქმედების რისკების სრულყოფილად შესწავლა მოითხოვეს. წერილში აღნიშნეს, რომ „რივიერა ბათუმი“ თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას. მიმართვის ინიციატორები – ორგანიზაციები „ბათომი“, „მწვანე ალტერნატივა“ და, ასევე, 2020 წლის დასაწყისში შექმნილი და მოქალაქეებისა და პოლიტიკოსებისგან დაკომპლექტებული საზოგადოებრივი მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ შესაბამისი კვლევების ჩატარებას მოითხოვდნენ.
ბათუმელები პროტესტს აგრძელებდნენ. მათ სოლიდარობა თბილისშიც გამოუცხადეს: 2020 წლის 20 იანვარს იუსტიციის სახლთან მდებარე ხიდზე გადმოფინეს პლაკატი წარწერით „არა ბეტონ-ყმობას“. გარემოს დამცველი აქტივისტების განცხადებით, ცათამბჯენების მშენებლობა გამოიწვევს ბათუმის სრულად ჩაბეტონებას და მოსპობს ზღვასთან ქალაქის დამაკავშირებელ ერთადერთ დარჩენილ გასასვლელს.
2020 წლის 15 თებერვალს აქციის მონაწილეებმა ბათუმის რივიერაზე სამშენებლო ღობესთან მწვანე ნერგები დარგეს. ისინი მშენებლობის ნებართვის გაუქმებასა და 6 ჰექტარი ტერიტორიის რეკრეაციულ სივრცედ შენარჩუნებას მოითხოვდნენ. “არა ჩაბეტონებას, ნუ მპარავ მზეს”; “ადამიანები და არა კედლები ჰქმნიან ქალაქს” – ეწერათ ტრანსპარანტებზე.
2020 წლის მარტიდან კოვიდ პანდემია დაიწყო, საგანგებო მდგომარეობის გამო საპროტესტო აქციების გამართვაც აიკრძლა. შესაბამისად, ბათუმელები ვეღარ მართავდნენ აქციებს.
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ბათუმელ აქტივისტებთან ერთად, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი 2021 წლის 22 იანვარს შეიტანა და მოითხოვა, გაუქმებულიყო მშენებლობის ნებართვა, რომელიც საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ 2019 წელს გასცა „ბათუმი რივიერას“ განსახორციელებლად.
საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, თუმცა შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მასვე დაავალა ხელახლა განეხილა ბათუმის ისტორიულ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე, ცათამბჯენის აშენების შეჩერების საკითხი.
2021 წლის პირველ ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ შპს „ბათუმი რივიერას“ მშენებლობის ნებართვის მოქმედების შეჩერებაზე განმეორებით იმსჯელა. მოსამართლე ციცინო როხვაძემ გადაწყვეტილება არ შეცვალა.
2024 წლის 1 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის კონცხზე „რივიერა“ 5 თაუერის ნაცვლად 3 თაუერის აშენებას გეგმავდა, რის გამოც საპროექტო ტერიტორიისთვის შეიცვალა განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ]. ყველაზე მაღალი შენობა კი ახლა 240 მეტრი უნდა ყოფილიყო. ეს ბოლო ინფორმაციაა, რომელიც ამ ცათამბრჯენების შესახებ მედიაში გავრცელდა.