ბათუმის საზოგადოებრივი ავტობუსის მძღოლები საათობრივი ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით 2014 წლის 12 თებერვალს გაიფიცნენ. გაფიცვამ მგზავრთა გადაყვანის პროცესი შეაფერხა.
მძღოლები ბათუმის მუნიციპალური კომპანიის შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტის“ დირექტორის, გიორგი ლორიას გათავისუფლებას და საათობრივი ანაზღაურების 50 თეთრით, 4 ლარიდან 4,5 ლარამდე გაზრდას ითხოვდნენ, რის შემდეგაც მათი ხელფასი 800 ლარს მიუახლოვდებოდა.
მძღოლები კომპანიის დირექტორს, გია ლორიას ზეწოლაში ადანაშაულებდნენ, მათი თქმით, ის მძღოლებს პროფკავშირების დატოვებას სთხოვდა.
აქციიდან მესამე დღეს გაფიცულები ამბობდნენ, რომ ადმინისტრაციამ ერთ-ერთ მძღოლზე ზეწოლა მოახდინა და სამუშაოზე გაყვანა აიძულა.
“ჩვენ მივხვდით, რომ ავტობუსის გამოყვანა იყო პროვოკაცია. გაფიცული მძღოლების ნაწილი დაწვა გამოსასვლელში. მძღოლს გავესაუბრეთ და დავარწმუნეთ, რომ არ უნდა გამხდარიყო ადმინისტრაციის იარაღი, მან ისმინა ჩვენი საუბარი და ავტობუსი დაბრუნდა ავტოფარეხში”, – თქვა ილია ვერძაძემ, აჭარის პროფკავშირების ხელმძღვანელმა.
პროტესტის მეოთხე დღეს ორმა მძღოლმა შიმშილობა დაიწყო. მეხუთე დღეს კი ავტოფარეხის შესასვლელთან კარვები გაშალეს.
18 თებერვალს საკრებულოში შეიქმნა “მძღოლების ნაწილის მოთხოვნების (პრეტენზიების) შემსწავლელი კომისია”. 20 თებერვალს “ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორმა გიორგი ლორიამ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. თუმცა საკრებულოს სთხოვა, “მისი გამოცდილება გაითვალისწინონ სხვა შესაფერის თანამდებობაზე”.
28 თებერვალს გიორგი ლორიას დაუკმაყოფილეს გადადგომის შესახებ განცხადება, თუმცა სანამ ახლის მისაღებად კონკურსს გამოაცხადებდნენ, მოვალეობის შემსრულებლად დატოვეს. საკრებულოში შექმნილ ფრაქციათაშორის ჯგუფთან მოლაპარაკებების დაწყების შემდეგ მძღოლებმა შეწყვიტეს გაფიცვა.