2017 წლის 27 იანვრი- 7 თებერვლი
თბილისი, რეგიონი
სოციალური პრობლემები
აქცია
აზოტის ქარხნიდან 350 ადამიანი გაათავისუფლეს
ქარხნის თანამშრომლები, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირები
გათავისუფლებული თანამშრომლების სამსახურში აღდგენა
აზოტის ქარხნის ადმინისტრაცია
56-მა მუშამ სასამართლოში იჩივლა. 2018 წლის 28 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქარხანას გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენა დაავალა.
2017 წლის 26 იანვარს „რუსთავის აზოტის“ ადმინისტრაციამ სამსახურიდან დაითხოვა 350 მუშა. მათ საპროტესტო აქციები დაიწყეს და რამდენიმე მოთხოვნა დააყენეს:
„აზოტი“ სამხრეთ კავკასიაში იყო ერთადერთი ქიმიური საწარმო, რომელიც მინერალურ სასუქებს უშვებდა. მის მომხმარებლებს შორის იყვნენ კომპანიები სამხრეთ კავკასიის, ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნებიდან. თუმცა, როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, შპს „რუსთავის აზოტმა“, რთული ფინანსური მდგომარეობის გამო, 2016 წლის აგვისტოში დაიწყო მოლაპარაკებები კრედიტორებთან, რათა ვალების რესტრუქტურიზაციისთვის მიეღწია.
“2017 წლის იანვრიდან შპს „რუსთავის აზოტმა“ ვეღარ შძლო ქარხნის საქმიანობის უზრუნველყოფა, რამაც ქარხნის შეჩერება გამოიწვია. ქარხნის ახალი მესაკუთრის მიერ ამჟამად ტარდება გარკვეული ზომები, ქარხნის კვლავ სრული დატვირთვით ასამუშავებლად. პარალელურად, ახალმა მესაკუთრემ საკუთარ თავზე აიღო ქარხნის მუშა-მოსამსახურეთა უდიდესი ნაწილის (დაახლოებით 90%) სახელფასო ანაზღაურების გადახდა (მათ შორის, იმ პერიოდის დასაფარადაც, როცა ქარხანა გაჩერებულია). ახლა ამ კადრებთან ხდება შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება”, – ეწერა კომპანიის განცხადებაში.
ქარხნის თანამშრომლებს 1 თებერვალს სოლიდარობა გამოუცხადა რამდენიმე გაერთიანებამ. მათ შორის “აუდიტორია 115”-მა, “თავისუფალმა ზონამ” და “რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის” წარმომადგენლებმა. სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების თავმჯდომარემ, თამაზ დოლაბერიძემ ჟურნალისტებს აცნობა, რომ „აზოტის“ ხელმძღვანელები საწარმოში დარჩენილ მუშებს დაჰპირდნენ ხელფასსაც და სამსახურიდან დათხოვნილთა დაბრუნებასაც, თუმცა, დოლაბერიძის თქმით, ეს სიცრუე იყო.
2 თებერვალს ქარხნის თანამშრომლები შენობაში შეიჭრნენ და მოქმედ დირექტორთან შეხვედრას მოითხოვდნენ. პოლიციამ მათ ძალის გამოყენებით დაატოვებინა შენობა.
7 თებერვალს თბილისში საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს „რუსთავის აზოტის“ გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა და სხვა საზოგადოებრივმა ჯგუფებმა, მათ შორის კვლავ იყო სტუდენტური გაერთიანება “აუდიტორია 115″. საპროტესტო აქციის მონაწილეები მივიდნენ „საქართველოს ბანკთან“ და მის ხელმძღვანელობასთან მოითხოვეს შეხვედრა, თუმცა – უშედეგოდ. აქციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ქარხნის რეალური მესაკუთრე სწორედ “საქართველოს ბანკი” იყო. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი “აუდიტორია 115”-მა გამოაქვეყნა.
დემონსტრანტებმა გააკრიტიკეს საბანკო პოლიტიკა და აღნიშნეს, რომ დაბალი ხელფასების გამო მოსახლეობის უდიდესი ნაწილი იძულებული ხდებოდა, საბანკო კრედიტები გამოეტანა. მსვლელობისას აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მომდევნო დღეებშიც გაიმართა აქცია “საქართველოს ბანკის” შენობასთან.
საბოლოოდ, 56-მა მუშამ სასამართლოში იჩივლა. 2018 წლის 28 მარტს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ქარხანას გათავისუფლებულთა სამსახურში აღდგენა დაავალა.
ფოტო: ლიბერალი