2023 წელს პარლამენტმა ახალ თავდაცვის კოდექსზე დაიწყო მუშაობა, რომლის მიხედვითაც დისტანციური სწავლება ახალგაზრდას ჯარიდან აღარ ათავისუფლებდა. სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარის თქმის საფუძველი ვეღარც რწმენის, რელიგიის ან აღმსარებლობის მოტივი გახდებოდა. ეს ცვლილება, რომ პარტია „გირჩის“ მიერ წლების წინ კანონში აღმოჩენილ ხვრელის აღმოფხვრას უკავშირდებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ კანონპროექტის ინიციირებამდე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა. 2017 წელს „გირჩმა“ დააფუძნა რელიგიური ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“, რომელიც წვევამდელებს სასულიერო პირის წოდებას ანიჭებდა და ისინიც სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან თავისუფლდებოდნენ.
„გირჩში“ ამბობდნენ, რომ ახალი კანონით ისინი ჯარიდან ვეღარ დაიხსნიდნენ ახალგაზრდებს, ამიტომ 2023 წლის 11 მარტს პარლამენტთან გამართეს აქცია – „არა მონობას“. აქციაზე რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. ისინი ითხოვდნენ, რომ ჯარში სამსახური ნებაყოფლობითი ყოფილიყო. აქციას შედეგი არ მოჰყოლია.