EN

ვაკეში უშუქობის გამო აქცია

left arrow

2000

right arrow
Toggle details

პროტესტის ხანგრძლივობა

2000 წლის 14-20 ნოემბერი

გავრცელების არეალი

თბილისი

პროტესტის სფერო

სოციალური პრობლემები

პროტესტის ფორმა

პიკეტი

პროტესტის მიზეზი

უშუქობა

ორგანიზატორი

ვაკეში მცხოვრები მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

ელექტროენერგიის 24 საათიანი მიწოდება

პროტესტის ადრესატი

ხელისუფლება, ენერგეტიკის მინისტრი

ვიზუალური ელემენტები

კოცონი შუა გზაზე

პროტესტის შედეგი

პრეზიდენტის თქმით, “თბილსრესში” ორი ენერგობლოკის სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდებოდა, ასევე, ნოემბერშივე ამუშავდებოდა შაორჰესი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სიტუაციას.

2000 წლის 14 ნოემბერს თბილისში ვაკეში მცხოვრებმა ოციოდე ადამიანმა  არაყიშვილისა და რიგის ქუჩების შუაში ჭავჭავაძის გამზირი ხელჩაკიდებულმა გადაკეტა. ისინი უშუქობას აპროტესტებდნენ. მათ მალევე შეუერთდნენ ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრებნი და სტუდენტები. “სახელიანი ვაკელები, სანამ ბოლომდე არ (მი)სცეს პატივი და ცხვირწინ არ აუყროლეს, სხვებზე დინჯად იყვნენ, პატიოსნად ითმენდნენ მეზობელი ჩინოვნიკების “მოღვაწეობას”, 14-ში [ნოემბერს] ვეღარ მოითმინეს და ქალებისა და არველაძე-ბერიშვილის მხედრიონული გამბედაობით ხელისუფლებას შეუტიეს”, – წერს გაზეთი “7 დღე”. ვაკეში უშუქობის გამო აქცია უფრო ფართომასშტაბიანი გახდა.

ვიღაცამ კარ-ფანჯრის ჩარჩოები მოიტანა და გზაზე, ზედ გამყოფ ხაზთან კოცონი დაანთო. მივიდნენ თანამდებობის პირებიც, მაგრამ მათი დაპირებების ხალხმა არ დაიჯერა. შეკრებილები ამბობდნენ, რომ არ დაიშლებოდნენ იქამდე, სანამ ელექტროენერგიის 24-საათიანი მიწოდების გარანტიას არ მიიღებდნენ. “მინისტრი მოგიყვანეთ, პარლამენტის თავმჯდომარე მოგიყვანეთ, ზოდელავა [თბილისის მერი]… აქაც მოვა – მეტი რა ვქნა, შუქის მოცემა მე არ შემიძლია!” – ამბობდა გამგებელი, “ვინ გეუბნება, რომ რამე შეგიძლია” – პასუხობდნენ მას.

ვანო ზოდელავა მართლაც მივიდა და თქვა: “შეგვპირდნენ … თუ არ შეასრულებენ სიტყვას, ჩემთან ერთად შეიკრიბებით აქ, მაშინ მინდა თქვენი დახმარება”. 

იმ დღეს აქციის მონაწილეები დაიშალნენ და მეორე დღეს იმავე ადგილას რამდენიმე ათეული კაცი კვლავ შეიკრიბა. მათ სამხატვრო აკადემიის სტუდენტები შეუერთდნენ, რომლებმაც ასფალტზე წარწერები გააკეთეს: “კუბოში ხომ სიბნელეა, არც ოთახში არის შუქი”, “მოგვეცით საშუალება, ვაშენოთ”. აქციის მონაწილეთა ნაწილი პარლამენტში იყო, დეპუტატებთან შესახვედრად, იქიდან მობრუნებულებმა კი თქვეს, რომ დაჰპირდნენ დილის რვიდან ღამის პირველად ელექტროენერგიის უწყვეტად მიწოდებას. ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავაც მივიდა პროტესტის ადგილას. ამ დროს ტელეკომპანია “რუსთავი 2”  აცხადებდა, რომ ანალოგიური აქციები უკვე დაწყებული იყო საბურთალოზე, სვანეთის უბანში, დიდუბეში.  გაზეთი “7 დღე” წერდა, რომ ედუარდ შევარდნაძის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ამ მასშტაბის სოციალური პროტესტი არ ყოფილა, მით უმეტეს “იმ ფერისა და წრეების მიერ, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ყოფილი საბჭოთა საგარეო საქმეთა მინისტრის თავის ქვეყანაში გაპრეზიდენტებაში”.

17 ნოემბერს გზები ქალაქის ბევრ უბანში იყო გადაკეტილი და დანთებული კოცონის გამო კვამლში იყო ქუჩები გახვეული. “გადამცემი ხაზი “ქართლი-2″ შემთხვევით თუ განგებ მწყობრიდან გამოვიდა. ქალაქი წყვდიადმა მოიცვა. თუმცა სიბნელე თითქმის ყველა გზაჯვარედინზე გაჩაღებულმა კოცონმა შთანთქა”, – ასე აღწერს ვითარებას გაზეთი “კვირის პალიტრა” და აგრძელებს “ელიავას ქუჩის ერთი მონაკვეთი ე.წ. ტრაილერებით იკეტებოდა. ტრაილერების იქით-აქეთ თბილისელები იდგნენ და ერთმანეთს ისე უყურებდნენ, როგორც ფრონტის ხაზზე მდგარი მტრები…”წადი და იმას გადაუკეტე გზა, ჩვენთან რა გინდა, მე ვარ მთავრობა? სახლში ავადმყოფი მყავს, გამიშვი შენი”… ხელჩართულ ბრძოლას აქაც ერთი ნაბიჯი აკლდა. რუსთაველი, მელიქიშვილი, ჭავჭავაძე, თამარაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ყაზბეგი, ელიავა, წერეთელი – აი, არასრული ნუსხა თბილისის იმ ქუჩებისა, რომლებიც ელექტროენერგიისათვის გაჩაღებული ქუჩური ბრძოლის ველად იქცა. გლდანი, სანზონა, ნაძალადევი, დიდი დიღომი – ეს უბნებიც მოეცვა ემოციებს. საბურთალოს ქუჩა, რომელიც მოგვიანებით ჩაკეტეს, რამდენიმე ადგილას მინის ნამსხვრევებით გახლდათ მოფენილი. ავტომობილები ვეღარც ერთმანეთს უქცევდნენ გვერდს და ვეღარც გაწბილებულ და გაყინულ ფეხით მოსიარულეებს, რომლებმაც საბოლოოდ დაკარგეს შინ მისვლის იმედი”.

პრეზიდენტმა შევარდნაძემ მითითება მისცა პოლიციას, არ მოეხდინათ რეაგირება ქუჩაში გამოსული მოსახლეობის ქცევაზე. 

თავის მხრივ, პროტესტის ნიშნად ენერგეტიკის მინისტრთან მივიდნენ ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიის  “ეი ეს თელასის” თანამშრომლები, რომლებიც ასევე 24-საათიან შუქს ითხოვდნენ და ჩიოდნენ იმაზე, რომ გამწარებული მოსახლეობა მათზე იყრიდა ჯავრს – ლანძღავდნენ და სცემდნენ კიდეც.

ედუარდ შევარდნაძემ მთავრობის სხდომაზე ქვეყანაში ენერგოკრიზისის მიზეზად დაასახელა გვალვა, რის გამოც ჰიდროელექტროსადგურების წყალსატევებში წყლის დონე მხოლოდ 68%-ით შეივსო და კორუფცია, რომლის წინააღმდეგაც “დაწყებული შეტევა კიდევ უფრო გაძლიერდებოდა”. მისი თქმით, “თბილსრესში” ორი ენერგობლოკის სარემონტო სამუშაოები მალე დასრულდებოდა, ასევე, ნოემბერშივე ამუშავდებოდა შაორჰესი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა სიტუაციას, თუმცა ელექტროენერგიის 24-საათიანი მიწოდება კვლავ არარეალური იყო. ენერგოკრიზისის აღმოსაფხვრელად პრეზიდენტმა კომისიაც შექმნა.

Media

პიკეტი ვაკეში

პიკეტი ვაკეში

Newspaper “Kviris Palitra,” November 20–26, 2000

საგაზეთო ცნობა

საგაზეთო ცნობა

Newspaper “Kviris Palitra,” November 20–26, 2000