EN

აქცია რუსთავში ციხების მშენებლობის წინააღმდეგ

left arrow

2019

right arrow
Open Arrows

პროტესტის ხანგრძლივობა

2019 წლის 2 აპრილიდან 2 მაისამდე

პროტესტის არეალი

რეგიონი

პროტესტის თემატიკა

ურბანული

პროტესტის ფორმა

აქცია პიკეტი, ადგილის დაკავება

პროტესტის მიზეზი

რუსთავში ორი ციხის აშენება იგეგმებოდა საცხოვრებელ სახლებთან ახლოს

ლიდერები/ორგანიზატორი

რუსთავის მოსახლეობა

მთავარი მოთხოვნა

არ აშენდეს ციხე ჭყონდიდის დასახლებაში

პროტესტის ადრესატი

იუსტიციის სამინისტრი

ლოზუნგები/ტრანსფარანტები

“არა ციხის მშენებლობას”

შეძახილები

“ციხის ქალაქს რა? – არა!”

პროტესტის შედეგი

შეჩერდა ციხეების მშენებლობა

რუსთავში, ჭყონდიდის დასახლებაში, ორი ახალი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა იგეგმებოდა. ამ მშენებლობას რუსთაველების წინააღმდეგობა მოჰყვა. შეიქმნა პეტიცია, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ  მთავრობას რუსთავში საპატიმროების მშენებლობის გადაწყვეტილება ქალაქის თვითმმართველობასთან არ შეუთანხმებია და არც ადგილობრივი მოსახლეობის აზრი შეუსწავლია.

რუსთავის თვითმმართველობა რომ მშენებლობის საქმის კურსში არ იყო, დაადასტურა 9 აპრილს გამართულ აქციაზე მისულმა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამაც – მან შეკრებილებს უთხრა, რომ რუსთავის თვითმმართველობის არც ერთი სტრუქტურა ინფორმირებული არ ყოფილა.

პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი, “რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრის” დირექტორი, დავით მეტრეველი ამბობდა, რომ ციხეების მშენებლობა ეწინააღმდეგებოდა რუსთავის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასაც, რომელიც განსაზღვრავდა ქალაქის განვითარების არეალსა და პერსპექტივებს. დავით მეტრეველის თქმით, ტერიტორია, სადაც პენიტენციური დაწესებულებები უნდა აშენებულიყო, რუსთავისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი იყო ისტორიულად და – ეკონომიკურად პერსპექტიული:

„არაერთი კვლევით დასტურდება, რომ ის [ჭყონდიდლის დასახლება] 2 გრადუსით უფრო გრილია, ვიდრე – დანარჩენი რუსთავი, ანუ ამ სივრცეში ძალიან კარგია, პატარა ქალაქის მოდელირება გაკეთდეს… ყველაფერი კარგი იქნება, ციხის გარდა“, – აღნიშნავდა დავით მეტრეველი. 

აქციებმა პერმანენტული სახე მიიღო. მათი საპროტესტო მსვლელობა 14 აპრილს გაიმართა. „ეზოებში გვიშენებენ ციხეს. რა უნდა დაიზარდონ – ციხის კედლების მაყურებლები? ციხის შენობა ფაქტობრივად დასახლებაშია. რუსთავი ხომ ციხეების ქალაქია, მაგრამ დანარჩენი ციხეები ქალაქის მოშორებითაა და არ ჩანს“, – ამბობდნენ მოქალაქეები. შეკრებილებმა ტრანსპარანტებით:  “არა ციხის მშენებლობას” ჭყონდიდის დასახლებიდან ქალაქის ქუჩებში გადმოინაცვლეს და სკანდირებდნენ “შემოგვიერთდით, რომ არ დავუშვათ რუსთავის ციხეების ქალაქად გადაქცევა”. 

მათ რუსთავის ცენტრალური გზა რამდენჯერმე გადაკეტეს, იუსტიციის მინისტრს კი გადაწყვეტილების შესაცვლელად 24-საათიანი ვადა მისცეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილმა 16 აპრილს კარვები გაშალა და თქვეს, რომ 24-საათიან მორიგეობას აწესებდნენ. 

იმავე დღეს აქციის მონაწილეებთან ჩავიდა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რომელიც ჭყონდიდლის დასახლების მაცხოვრებლებს დაჰპირდა, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას საპატიმროს არ ააშენებინებს, და თუ მაინც ააშენებენ, ახალი ხელისუფლება მას ტექნოლოგიურ ცენტრად გადააკეთებს.

2 მაისს რუსთავში ციხის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციას რუსთავის ეპარქიის სასულიერო პირები  შეუერთდნენ.

2020 წლის დასაწყისში დახურული ტიპის საპატიმრო დაწესებულების მშენებლობაზე მსჯელობამ, პარლამენტში გადაინაცვლა. 

2019 წლის 19 სექტემბერს პარლამენტის თავმჯდომარემ, “ინფო რუსთავს” განუცხადა, რომ რუსთავში ციხის მშენებლობისთვის შესაძლოა სხვა ადგილი მოიძებნოს. თუმცა, ოფიციალურად მშენებლობა არ შეუჩერებიათ. 2020 წლის 15 მაისს “ინფო რუსთავს” აცნობეს, რომ “პენიტენციური დაწესებულების პროექტირება არის დასკვნით ეტაპზე. პროექტის ნაწილი გადაგზავნილია ექსპერტიზაზე”. თუმცა 2022 წლის 6 მაისისთვის მშენებლობა დაწყებული კვლავ არ იყო.