2021 წლის 7 მარტიდან 9 აპრილამდე
თბილისი
პოლიტიკა
აქცია
გავრცელდა ჩანაწერები სადაც სავარაუდოდ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილის არასრულწლოვანზე ანგრიშსწორებაზე მსჯელობენ
„მოძრაობა საქართველოსთვის“
გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
შედეგი არ მოჰყოლია
2020 წლის 6 მარტს “TV პირველმა” გაავრცელა ფარული სატელეფონო ჩანაწერი, რომელშიც, ჟურნალისტის მტკიცებით, ბერა ივანიშვილი, “ქართული ოცნების” ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი და პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, სოციალურ ქსელში დაწერილი კომენტარის გამო სკოლის მოსწავლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს განიხილავენ. სიუჟეტის ავტორის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარში მონაწილეობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძეც, რომელთანაც, ჩანაწერის თანახმად, ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი ცალ-ცალკე მსჯელობენ ანგარიშსწორების გეგმაზე.
ჩანაწერის მიხედვით, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანზორ ჩუბინიძის სადამსჯელო რაზმმა არასრულწლოვანი შეაშინა და ოჯახის და მეზობლების თანდასწრებით, დამამცირებელ გარემოში, ბოდიშის მოხდა აიძულა: “სკოლაში ჩაფსმული მივა დღეს”, – ამბობს, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი. მას, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი პასუხობს: “ვერ წავიდოდა სკოლაში, ტო”.
ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ, ბერა ივანიშვილი ღარიბაშვილს ეუბნება, რომ ანგარიშსწორების შესახებ ბიძინა ივანიშვილმა ყველაფერი იცის. სიუჟეტის ავტორის თქმით, ანონიმურმა წყარომ მათ 4 ჩანაწერი მიაწოდა. ჟურნალისტებისთვის უცნობია, როდისაა გაკეთებული აუდიოჩანაწერი, თუმცა რამდენიმე ფაქტის დაკავშირების შედეგად ივარაუდეს, რომ საუბარი 2016 წელს ჩაიწერეს.
ამ ამბის გამო, 7 მარტსვე, მთავრობის კანცელარიასთან გაიმართა მცირემასშტაბიანი აქცია: “შეაგინე ბერას”. შეკრებილებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვეს. აქცია გაიმართა ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთანაც.
მთავრობის კანცელარიასთან იგივე მოთხოვნით ხალხი 9 მარტსაც მივიდა. ისინი ასევე ითხოვდნენ იმ პირებისთვის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას, რომლებიც TV პირველის ეთერში გადაცემულ სიუჟეტში ფიგურირებდნენ.
აქციის მონაწილეებმა ინდივიდუალურად დაწერეს წერილები: „გადადგეს ჰაკიმ ფაშა“, რომლებიც მთავრობის კანცელარიაში ჩააბარეს. ღარიბაშვილს “ჰაკიმ ფაშად” მოიხსენიებდნენ 2014 წლიდან, როდესაც მან პარლამენტში იხუმრა და განაცხადა, რომ “ჰაკიმ ფაშას” ვიდეოები მან ატვირთა. იმ წელს იუთუბზე გამოჩნდა ვიდეო გარდაცვლილი ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ფოტოკოლაჟით, სათაურით Saakashvili killed Mr. zurab zhvania (სააკაშვილმა მოკლა ბატონი ჟვანია). ვიდეოს ავტორი ცხედრებზე, სავარაუდოდ, სხვადასხვა სახის ფიზიკური დაზიანებების არსებობაზე მიუთითებდა. ვიდეო მომხმარებელმა hakim pasha-მ ატვირთა, რომელსაც Youtube-ზე სხვა ვიდეო არასდროს დაუდია.
საქართველოს პროკურატურა “TV პირველის” ეთერით ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის საუბრის გავრცელებიდან მესამე დღეს, 9 მარტს, აცხადებდა, რომ გამოძიებას იწყებს “კერძო საუბრის უნებართვოდ ჩაწერის მუხლით”. უწყება არაფერს ამბობდა საუბრის შინაარსთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაზე.